საქართველოში ბანკების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. დღე-დღეზე ბაზარს კიდევ ერთი კომერციული ბანკი დატოვებს, ამჯერად ეს აზერბაიჯანული ბანკია. საბოლოო ჯამში, მალე ქვეყანაში ბანკების რაოდენობა 10-ს ჩამოცდება.
კომერციული ბანკების ოდენობა საქართველოში პერიოდულად მცირდება, თუმცა ამით არ იკლებს საბანკო სექტორის წილი ეკონომიკაში. საბანკო სფერო არაკონკურენტულობაზე, არაპროფილურ აქტივებსა და დაურეგულირებელი ბაზრის პრობლემებზე საუბრობს "რეზონანსთან" საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა.
"რეზონანსი": ბანკების რაოდენობა მუდმივად მცირდება. აზერბაიჯანის სართაშორისო ბანკის ბაზრიდან გასვლის შესახებ უკვე გავრცელდა ინფორმაცია. როგორ აისახება ეს ქართულ საბანკო სექტორზე და ზოგადად ეკონომიკაზე?
ლია ელიავა: ბანკების რაოდენობის კლება ან ზრდა არ არის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, თუ რა რესურსის ბანკები დარჩება. ის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მინიმალური რესურსი და მუშაობენ მხოლოდ თავიანთი ქვეყნის ბინზესის წარმომადგენლების მომსახურებაზე, ეს არაფერს ნიშნავს. ისინი საქართველოს ეკონომიკას არაფერს აძლევენ.
სხვა საკითხია, აქამდე რატომ არსებობდნენ ასეთი ბანკები. ისინი არიან ჯიბის ბანკები, ვინაიდან ბაზარზე არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ, მხოლოდ ემსახურებიან გარკვეული სახის ბიზნესს და მეტწილად მოსახლეობისაგან ანაბრაბსაც კი არ იღებენ. დიდი ტრაგედია ნამდვილად არ არის ასეთი ბანკის გასვლა.
ბაზრის თითქმის 80% უკავია 2 ბანკს. რაც შეეხება დარჩენილ 20%-ს, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ამას, ვინ და როგორ გაიყოფს, ვინაიდან ჩვენთან საბანკო სექტორში არ არსებობს კონკურენცია. რამდენი ბანკიც გინდათ იყოს, ამ ორი ბანკის გარდა - 3 თუ 23 - ამითი საქართველოს ეკონომიკას არც არაფერი შეემატება და არც დააკლდება.
იმისათვის, რომ თითოეული ბანკი იყოს მნიშვნელოვანი ეკონომიკისათვის, აუცილებლად უნდა შეიცვალოს კომერციული ბანკების ზედამხედველობა და განსაკუთრებით და მყისიერად უნდა შეიცვალოს კანონი "კონურენციის შესახებ", სადაც პირდაპირ წერია, რომ დომინირებული მდგომარეობა გააჩნია სუბიექტს, რომლის ბაზრის წილი შეადგენს 40 ან მეტ პროცენტს. აი, ეს რაოდენობა, რომელსაც ჰეგემონმა ბანკებმა მიაღწიეს, უნდა იქნეს დაწეული 20-25%-მდე.
ასეთ შემთხვევაში ბაზარზე რომც დარჩეს 4-5 ბანკი, ეს იქნება კონკურენტული გარემო და ბევრად უფრო სასარგებლო ეკონომიკის სიჯანსაღისთვის, ვიდრე დღეს არსებული ბანკების ოდენობა და ნულოვანი ეფექტი. ძალიან სერიოზული ღონისძებებია გასატარებელი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამ მომენტში ხელისუფლებას ამის არც ნება და არც რესურსი არ გააჩნია. ვერც ერთ დონეზე, ვერც ეროვნული ბანკი, ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ვერაფერს აკეთებს.
"რ": ბიძინა ივანიშვილმა, თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა და საჭიროა, მესამე ახალი ბანკის გამოჩენა ბაზარზე. რა რესურსს ხედავთ და რამდენად რეალურია ამ სიტუაციაში მესამე, ძლიერი ბანკის გამოჩენის?
ლ.ე: ვინაიდან კონკურენტული გარემოს შემქმნელი ხელისუფლება არ არსებობს, დღეს კიდეც რომ შემოვიდეს რომელიმე მსხვილი, მდიდარი ბანკი, რომელიც წაართმევს წილს სხვა ბანკებს, ეს არის არარეალური. მაშინ, ახალი ბანკი უნდა შემოვიდეს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. ასეთი კი, რომელიც მუშაობს დაბალ საპროცენტო განაკვეთზე განვითარებად ქვეყანაში, მე არ მეგულება, მსგავსი მაგალითი არ ვიცი.
ინსტიტუციური გარემო სუსტია ასეთ ქვეყნებში და მაღალი პროცენტებისთვის ხელსაყრელი ბაზარია. არავინ შემოვა ჩამორჩენილ ქვეყანაში ალტრუისტული მოსაზრებებით, ოღონდ თქვენ და თქვენი ქვეყანა გადარჩით და მე, აგერ, ფულს დავდებო. ყველა იმათვის შემოდის, რომ მოგება გაიტანოს.
მე პირადად, ვერ ვხედავ, ვერანაირ პერსპექტივას, რომ საქართველოში მსხვილი ბანკი შემოვიდეს. ყველას ახსოვს, "ეიჩესბისი" შემოვიდა და რამდენიმე თვეში გაიქცა. ასევე აქტივები გაასხვისა უმსხვილესმა ჯგუფმა "სოსიეტე ჟენერალმა". ისიც გააქციეს. ყველა იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს ამ სასათბურე პირობებში, მესამე ძლიერ კონკურენტს ვეღარ აიტანენ.
"რ": ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა რამდენად არის საფრთხე საქართველოს ეკონომიკისათვის?
ლ.ე: რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს. საერთოდ, უცხოეთში ამაზე იმიტომ ამახვილებენ ყურადღებას, რომ ეს დიდი რისკის შემცველი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება, შეარყიოს ცალკე კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობა და საფრთხე შეუქმნას ეკონომიკასაც.
პატარა ქვეყნებში ბანკს ამ დროს იმხელა შესაძლებლობა ეძლევა, რომ შეუძლია, მთელი ეკონომიკა ჩაყლაპოს და ყველა მეტ-ნაკლებად საკვანძო ბიზნესი თავისი გავლენის სფეროს ქვეშ მოაქციოს. ბრალეულობა ამ მხრივ სრულად ეროვნული ბანკზეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ეროვნულ ბანკს, რომ აეკრძალა ბაკებისათვის არაპროფილური აქტივების ფლობა, რა თქმა უნდა, ბიზნესი ამას ვერ გაბედავდა. ბიზნესი თავხედობს იმ დონემდე, რა დონემდეც მას მარეგულირებელი მიუშვებს.