მას შემდეგ, რაც 27 ივლისს მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ღია წერილით გაქრისტიანების 1030-ე წლის იუბილეს დღესასწაულზე უკრაინასა და უკრაინაში ზეიმზე შეკრებილ 10-მდე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას ეს ამცნო, რუსეთიც და უკრაინაც მსოფლიო ეკლესიების გადაწყვეტილების მოლოდინშია, მათ შორის - საქართველოს საპატრიარქოსი.
აღსანიშნავია, რომ ამ ზეიმს კიევში საქართველოდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ესწრებოდა. "რეზონანსი" მეუფე გერასიმეს დაუკავშიდა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, როდესაც საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის ოფიციალურ წერილს მიიღებს, საქართველოს ეკლესია მას შემდეგ იმსჯელებს.
თუმცა კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს საპატრიარქო უკვე ჩამოყალიბებული და დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, მეუფე გერასიმემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ საპატრიარქოს ოფიციალური გადაწყვეტილება საზოგადოებას ეცნობება.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ უკრაინაში გაგზავნილ წერილში პირველადაა ღიად და მკაფიოდ გაცხადებული, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ თავის თავზე აიღო "ინიციატივა, აღადგინოს მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინის ერთიანობა და საბოლოო მიზანი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა".
უკრაინის სასულიერო და პოლიტიკურ წრეებში უკვე სრულიად დარწმუნებული არიან, რომ ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს 2018 წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებენ.
რატომ ვერ იღებს ჯერჯერობით გადაწყვეტილებას საქართველოს საპატრიარქო და რა არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ქვეყნის ეკლესია ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ეკლესიას მკვეთრ მხარდაჭერას ვერ უცხადებს? თეოლოგები "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ საპატრიაქროში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და სინოდის შიგნით დაპირისპირება არსებობს. მათი აზრით, რუსეთის მომხრე სასულიერო პირები ცდილობენ, რომ პატრიარქს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება მიაღებინონ.
მათი აზრით, რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ უკრაინის დამოუკიდებელი, ერთიანი, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ დაუშვას, რადგანაც ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს, თითქმის 40-მილიონიან მრევლთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე მრავალმილიარდიანი ქონების დათმობა მოუწევს. ასეთი პრეცედენტი რუსეთის ეკლესიის წიაღში სეპარატისტულ საეკლესიო განწყობებს კიდევ უფრო წაახალისებს.
თეოლოგები ამბობენ, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე სატელიტების მობილიზებასა და მოკავშირეების ძებნას ქრისტიანული სამყაროს 15-ვე მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის ახორციელებს, ხოლო ერთ-ერთი, ვისი იმედიც მოსკოვში აქვთ, საქართველოს ეკლესიაა.
მათი თქმით, თუ ამ აღიარებას მხარი საქართველოს ეკლესიამაც დაუჭირა, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენი ეკლესია რუსეთის ეკლესიასთან ღრმა კონფლიქტში შედის, რასაც საპასუხოდ, დიდი ალბათობით, მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების "ეკლესიების" "ავტონომიას" თუ "ავტოკეფალიას" ცნობს. მათი აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს საპატრიარქო ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.
თეოლოგი ლადო ნარსია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო ანგარიშს რუსეთს უწევს და მის საბოლოო პოზიციას ელოდება; საპატრიარქოში არსებობს რუსეთუმე სასულიერო პირების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ, რომ რუსეთს არ აწყენინონ. თეოლოგის აზრით, საპატრიარქოს ეშინია, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის ღიად გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ეკლესია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეკლესიების ავტოკეფალიას გამოაცხადებს.
თუმცა თეოლოგი ამბობს, რომ აფხაზეთისა და უკრაინის საკითხი სრულიად სხვადასხვა თემაა და დაუშვებელია, რომ რუსეთის ეკლესიამ ამით საქართველოსთან ივაჭროს და ეს შანტაჟისთვის გამოიყენოს. თეოლოგი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო უნდა გაეცნოს ტომოსს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი გამოაქვეყნებს და სადაც დეტალურად იქნება ახსნილი, თუ რატომ მიიღო მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიად გამოცხადების გადაწყვეტილება. ამის შემდეგ საქართველომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს.
"საპატრიარქოში ამ საკითხთან დაკავშირებით სახვადასხვა პოზიცია არსებობს. ეკლესიაში ორი დაპირისპირებული მხარეა, სადაც ერთი ჯგუფი მხარს უკრაინის ავტოკეფალიად გამოცხადებას უჭერს და მეორე ნაწილი არ ეთანხმება. ამიტომ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ არსებობს კანონიკური საკითხები, რომლებიც სადავო არ არის და მსოფლიო პატრიარქის მიერ გამოქვეყნებულ ტომოსში კონკრეტულად იქნება დასაბუთებული, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, მაშინ შეგვიძლია უკვე, რომ ჩვენც ჩვენი დასაბუთებული და ჩამოყალიბებული პოზიცია დავაფიქსიროთ.
"საპატრიარქოში არის რუსეთუმე ფრთა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რუსეთის ეკლესიის გაღიზიანება არ მოხდეს. საპატრიარქოს იმაში ვადანაშაულებთ, რომ კონფლიქტიდან 25 წელი გავიდა და ხელში არანაირი დოკუმენტი არ გვიჭირავს, სადაც 14 ეკლესია დაადასტურებდა, რომ აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის კანონიკური განუყოფელი ნაწილია. ამის მოხერხება ხომ შეიძლებოდა, მით უემტეს ამისთვის მზად რუსეთის წინა პატრიარქი ალექსიც იყო. მან ამაზე მზაობა არაერთხელ გამოაცხადა. ჩვენმა საპატრიარქომ ამისთვის არაფერი არ გააკეთა. დღეს ხომ რუსეთი ჩვენს დაშანტაჟებას ვერ შეძლებდა და ვერ გვეტყოდა, თუ უკრაინისთვის მხარდაჭერას გაბედავთ, მაშინ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას გამოვაცხადებთო", - აცხადებს თეოლოგი.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საპატრიარქოს მმართველი ჯგუფი ან ვერ ათვითცნობიერებს შექმნილ მძიმე სიტუაციას ან კიდევ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ და საკუთარი ეროვნული საეკლესიო პოზიციის უგულებელყოფით, რუსეთის ინტერესებს აძლიერებენ. მისი აზრით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს დასაშანტაჟებლად ეს ბერკეტი ხელში არ სჭეროდა.