"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მან წინა პლანზე გამოიტანა ძველი ტაქტიკა, დაუპირისპირდა საკუთარ პოლიტიკურ ძალას. პოლიტმარკეტინგში ეს არის საკუთარი ბრენდის დიფერენცირება პოლიტიკური პარტიიდან", - ამბობს პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი, ვისაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
"რეზონანსი": როგორ იკითხება პოლიტმარკეტინგის ენაზე ბიძინა ივანიშვილის გზავნილები და როგორ გამოიყურება ივანიშვილის ბრენდი პოლიტიკურ ბაზარზე?
კახაბერ ჯეყელი: როგორც ცნობილია, პოლიტიკაში ფიგურებს ორი ბრენდი სჭირდება - ერთი საკუთარი, ხოლო მეორე - თავისი პოლიტიკური პარტიის. ივანიშვილის დიდი ტელეინტერვიუ სწორედ მისი საკუთარი ბრენდის გაძლიერებაზე იყო მიმართული, მაგრამ ჩვენ კარგად არ ვიცით, რამდენად ძლიერია ივანიშვილის პოლიტიკური ბრენდი, რადგან მას პოლიტიკური ბატალიები არ გაუვლია. მისი ბრენდის მთავარი იარაღი არა პოლიტიკური ინსტრუმენტი, არამედ ფულია, შესაბამისად, ამ ინსტრუმენტის გამოყენება არცთუ სახარბიელოა პოლიტიკური ბრენდისთვის.
პოლიტმარკეტინგის ენაზე კი მისი ინტერვიუ ასე იკითხება: ივანიშვილი აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო საპრეზიდენტო არჩევნების პრელუდიის დროს, ასევე მას უნდა გაეფანტა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვი, რომ ის ნაკლებად რაციონალური ლიდერია და არც დრუიდების ქურუმი არ არის. ყოველგარი ამ შავ-თეთრი ჭორის გასაქარწყლებლად ასპარეზზე გამოჩნდა კაცი, რომელიც თითქოს სამუდამოდ იყო წასული პოლიტიკური არენიდან.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აყალიბებდა თავის ხედვას და მან ეს მოსაზრებები გარკვეულწილად გააცნო საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებამ ვერ გაიგო, საით მიდის საქართველო და როგორია მისი პოლიტიკური ალაიანსის ხედვა. ეს ალბათ იმითაც იყო გამოწვეული, რომ ჟურანალისტის მიერ არ იყო დასმული მწვავე შეკითხვები. რაც შეეხება პროექტებს, რომლებზეც მან ისაუბრა, ჯერ ეს პროექტები მარკეტინგულ აუდიტზე არავის გამოუტანია, რას მისცემს ბიუჯეტს, თუ მხოლოდ "დიდი ჯიბეების" მოსაზიდად კეთდება.
"რ": გარდა პროექტებისა, იგი პოლიტიკასაც შეეხო, კერძოდ: საკუთარ გუნდთან მიმართებაში თავის დამოკიდებულებაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა...
კ.ჯ: პოლიტიკურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მან წინა პლანზე გამოიტანა ძველი ტაქტიკა, დაუპირისპირდა საკუთარ პოლიტიკურ ძალას. პოლიტმარკეტინგში ეს არის საკუთარი ბრენდის დიფერენცირება პოლიტიკური პარტიიდან. ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებული უნდა იყოს საკუთარ პოლიტიკურ გუნდზე იმიტომ, რომ ამ პარტიამ ვერ გამონახა სასაუბრო ენა თავის ელექტორატთან და ვერ განახორციელა სწორი კომუნიკაცია. უფრო მეტიც, ხელი შეუწყო პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის დაცემას. პარტიაში, გარდა იმისა, რომ არ არიან პროფესონალები, პოლიტიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გამოჩნდნენ ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ ფულის კეთებაზე იყვნენ გადასული და მისმა ჩინოვნიკებმა გაბედეს იმ ზომის თანხების მოპარვა, რომელიც მათ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვის საშუალებას აძლევს.
წარმოიდგინეთ, კარდინალ რიშელიეს რომ მიეცა საშუალება, მოეპარათ მილიონები და მერე მას დაპირისპირებოდნენ პოლიტიკურ ამბიციებში, ემართათ საფრანგეთის სამეფო, ამას ხომ რიშელიე თავიდანვე არ დაუშვებდა. სხვათა შორის, რიშელიე მაკიაველისტი იყო და ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკას მაკიაველიზმიც კი აკლია. ჯერჯერობით ივანიშვილს რეიტინგი აქვს, მაგრამ მან პოლიტმარკეტინგისთვის დამახასიათებელი მეთოდებით თუ არ ჩაატარა კვლევა, პოლიტიკური კაპიტალის გარეშე დარჩება, რაც შეიძლება, მისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეს.
"რ": დიდი მოლოდინი იყო უმრავლესობაში, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს წარადგენდნენ, მაგრამ, როგორც თქვეს, მან უარი განაცხადა...
კ.ჯ: ნათელი იყო, რომ უარს იტყოდა პრეზიდენტობაზე, რადგან იგი ვერც ფიზიკურად და ვერც ინტელექტუალურად ვერ გაუძლებს საჯარო პოლიტიკის ყოველდღიურ შრომას. საქართველოში პრეზიდენტობის მსურველებს, თუნდაც უფუნქციოს, დამატებითი მოტივაციები სჭირდებათ: პირველი - ეს არის ძალაუფლების შეგრძნება; მეორე, მსოფლიოს ცნობადობის მიღწევა გარკვეული ქმედებების მეშვეობით; მესამე, საშვილიშვილოდ გარკვეული ფინანსური სტაბილურობის მოპოვება. ამ სამიდან ბიძინას არც ერთი არ სჭირდება, მას გარანტირებული აქვს პირველიც, მეორეც და მესამეც.
"რ": 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებზე რას იტყვით, ისინი როგორ გამოიყურებიან პოლიტიკურ ბაზარზე?
კ.ჯ: მართალია, პრეზიდენტს დიდი ბერკეტები არ გააჩნია ქვეყნის სამართავად და შეიძლება, კონსტიტუციურ მონარქსაც კი წააგავს, მაგრამ ისეთ მგრძნობიარე გარემოში, როგორიც საქართველოა, სწორედ ამ უფუნქციო პრეზედენტს შეუძლია, ყველაზე თავისუფალი თამაში წამოიწყოს. ის ფაქტობრივად თავისუფალი მოთამაშეა, არც ერთ უწყებაზე არ არის მიბმული. პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც არ არის შეზღდული, შეიძლება, დილიდან საღამომდე მხოლოდ თავისი პრეზიდენტობის განმტკიცებაზეც კი იყოს ორიენტირებული. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ დიდი პოლიტიკური ამბიციის პოლიტიკოსმა პრემიერ-მინისტრიც კი სერიოზულად შეარყიოს, რადგან, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის შემთხვევაში, მას, როგორც მთავარსარდალს, ექნება სერიოზუდი თამაშის პლაცდარმიც და ასპარეზიც.
რაც შეეხება კანდიდატებს, მართალია, მარგველაშვილს თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია, მაგრამ თუ კვლავ მოინდომებს პრეზიდენტობას, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციური პარტიების ელექტორატის გარკვეული სეგმენტი მოიზიდოს. ბაქრაძემ და ვაშაძემ შეიძლება, ერთმანეთს მხოლოდ ხმები წაართვან. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ბრენდი ცნობილია როგორც საქართველოში, ისე - საფრანგეთში, ეს რაღაცას მაინც ნიშნავს. ასე რომ, ჯერ ძნელია იმის თქმა, როგორ გადანაწილდება ხმები ამ კანდიდატებს შორის.