ეკატერინე ბასილაია
01.08.2018

 სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ კატეგორიულად არ აცხადებს, როდის დაასახელებს თავს საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" მის გასაპრეზიდენტებლად დახმარება უკვე დაიწყო და ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეიცვალა ორგანული კანონი - საარჩევნო კოდექსი, გაუქმდა ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდა და დღეს ზურაბიშვილს, საფრანგეთის მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმა, რაც ერთი თვის წინანდელი კანონით აკრძალული იყო.

საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია, რომ პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს, სალომე ზურაბიშვილს კი დღეს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობაც გააჩნია. თუმცა 21 ივნისს დამტკიცებული ჩასწორებით დამატებულია 98-ე პრიმა მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დატოვების შესახებ მხოლოდ ოფიციალური მიმართვა მაინც ექნება გაკეთებული.

"თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ", - წერია ცვლილებაში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სწორედ სალომე ზურაბიშვილისთვის გაკეთდა.

მოძრაობის "ძალა ერთობაშია!" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჩუმად გააპარეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.

"კონსტიტუციით ორმაგ მოქალაქეს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილება მიიღოს. თეორიულად ორად-ორი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი ან ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, რის გამოც მათ კანონში შეიტანეს ცვლილება, დაივიწყეს კონსტიტუცია, რომელიც ორგანულ კანონზე მაღლა დგას და თქვეს, რომ უბრალოდ განცხადებით მაინც თუ აქვს მიმართული მოქალაქეობიდან გასვლაზე სხვა ქვეყნისთვის, ესეც საკმარისია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი. კანონების ეს ჭრა-კერვა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონების მიღება უნდა დამთავრდეს. ორივე თეორიულ კანდიდატს აწყობს ამ მუხლში ცვლილების შეტანა. მე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, განმარტება გაგვიკეთოს, რას აწერდით ხელს, ვერ ხედავთ კონსტიტუციური ნორმის დარღვევას?" - აცხადებს ვაშაძე.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერ მამუკა კაციტაძის თქმით, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე ასეთი ტიპის ცვლილების შეტანა ხდება, თანაც მაშინ, როდესაც მმართველ გუნდს სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად ჰყავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი, სხვა აღქმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ეს ცვლილება სწორედ მათთვის გაკეთდა.

"აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ოპოზიცია ფიქრობს ასე. თუ ხელისუფლების არგუმენტი იქნება, რომ ეს ნაკლოვანება იყო კანონში და გამოასწორეს, გამოესწორებინათ გასულ წელს, ნოემბერში ან მომავალი წლის იანვარში, ან წლების წინ, სანამ ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა ვინმე "იქსი", ვინც ორმაგი მოქალაქეობის მფლობელია?! ამიტომ, სხვა გონივრული აღქმა ბუნებაში არ არსებობს. სხვა ყველაფერი არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომ რეალური არგუმენტი სხვა მიმართულებით გადახარონ. სწორედ მაშინ, როცა ჰორიზონტზე გამოჩნდა ზურაბიშვილისა და ივანიშვილის სავარაუდო კანდიდატობა, მაშინ დაიწყეს ფიქრი, დააგვიანდათ და კანონში შეიტანეს შესწორება. ეს კანონი ცაიტნოტის ბრალია. კონკრეტულ პიროვნებაზე, კონკრეტულ პარტიაზე, კონკრეტულ გარემოებაზე სასწრაფოდ და ფაციფუცით კანონის შეცვლის ტრადიცია, სამწუხაროდ, გრძელდება", - ამბობს კაციტაძე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის დახმარებასა და პრეზიდენტად გაყვანას "ოცნება" სხვა ფორმებითაც გააგრძელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ყველაზე მეტი შემოწირულობა ექნება სალომე ზურაბიშვილს. ყველაზე მეტი გულშემატკივარი ბიზნესმენი, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ, ზურაბიშვილს გადაურიცხავს ფულს და მისცემს ხმას.

"ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები ირბენენ სალომე ზურაბიშვილისთვის. უცებ აღმოჩნდება, რომ მთელ ბიზნესს, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულებებს იღებენ, სალომე ზურაბიშვილი მოსწონს და ბავშვობიდან ოცნებობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს იქნება სურათი", - ამბობს ვაშაძე.

მამუკა კაციტაძის თქმით, განმეორდება ის, რაც 2016 წელს ხდებოდა მთაწმინდაზე, სადაც ზურაბიშვილს მაჟორიტარად გასვლაში მთელი "ოცნება" ეხმარებოდა.

"წარმოიდგინეთ, რომ მთაწმინდის ოლქი უცებ გადაკეთდა საქართველოს ოლქად. ოფისი გინდა, მთელი პარტვერტიკალი გინდა, თავისი აგიტატორებიანად, ფული გინდა, თეთრი თუ შავი, ყველაფერი იქნება "ოცნების". ერთადერთი, შტაბს არ დააწერენ "ქართულ ოცნებას". ყველა მერი, გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი მაჟორიტარები თუ პარლამენტიდან მაჟორიტარები მხარს დაუჭერენ ამ ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს მხარდაჭერა მოხდება ტელევიზიით, კომენტარების დროს. ისიც კი შეიძლება ვიხილოთ, რომ წინასაარჩევნო მიტინგზეც კი გამოვიდეს "ოცნების" ადგილობრივი მაჟორიტარი სიტყვით. ასევე ბიზნესმენებიც "ოცნების" მიერ მხარდაჭერილ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს და შეწირავენ ფულს. მე ერთი რამ მაინტერესებს, რას ნიშნავს - დამოუკიდებელი კანდიდატი? ვისგან ან რისგან უნდა იყოს კანდიდატი დამოუკიდებელი? თუ "ოცნებისგან" არის დამოუკიდებელი, მაშინ რას ნიშნავს, რომ მხარს დაუჭერენ და თუ მხარს უჭერენ, როგორ გამოდის დამოუკიდებელი?" - ამბობს კაციტაძე.

საია-ის იურისტ ირმა პავლიაშვილის თქმით, კანონმდებლობით "ოცნების" აქტივისტების თუ მაჟორიტარებისა და მერების მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის აგიტაციაში ჩართვა შესაძლებელია, თუმცა თუ ადმინისტრაციული რესურსის ჩართვაც მოხდება და სამუშაო პერიოდში მოხდება აგიტაცია, ეს კანონმდებლობის დარღვევაა.

მისი თქმით, ძალიან საინტერესო ტენდენცია იქნება, თუკი "ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის შემომწირველთა რიგებში ის ბიზნესმენები იქნებიან, ვინც სახელისუფლებო კანდიდატებს წირავდნენ.

"ეს პირდაპირ გამოკვეთს იმას, რომ ეს ბიზნესმენები თავისი ნებით არ წირავენ და გარკვეული ირიბი ზეგავლენა არის მათზე. თუმცა ეს იქნება ტენდენციურად საინტერესო, მაგრამ კანონის დარღვევა - არა", - ამბობს პავლიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×