ესტონეთის რესპუბლიკამ, რომელმაც არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი საკუთარი მთავრობის სერვერებზე, ბანკებსა და კომპანიებზე კიბერთავდასხმაში, თავისი ჯარის შემადგენლობაში დაამატა ახალი სტრუქტურა, რომლის მიზანი კიბერომში რუსეთისგან თავდაცვა და, რაც მთავარია, მასზე თავდასხმაა.
ნატო-ს შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების მსგავსად ესტონეთის რესპუბლიკის ჯარში იქმნება ახალი ქვედანაყოფი, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ყოველ წელს დაახლოებით 20 %-ით მზარდ ვირტუალურ თავდასხმებს.
„ბლუმბერგის" ცნობით, 300 ადამიანისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ორი მთავარი მიზანი ექნება: პირველ რიგში, მოახერხოს და შეაჩეროს რუსეთის სისტემატური კიბერთავდასხმები და, ამავდროულად, შექმნას ის საშუალებები, რომლებიც ფედერაციისთვის სამაგიეროს გადასახდელად გამოადგებათ.
„იმისთვის, რომ იყო მზად თავდასაცავად, უნდა შეგეძლოს თავდასხმა. როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის ან ომის შედეგად ჩნდება საჭიროება, მაშინ ჩვენი სისტემების შესამოწმებლად შექმნილი საშუალებები შესაძლოა, რომ გამოყენებულ იქნას პოტენციური მეტოქის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ესტონეთის რესპუბლიკის კიბერქვედანაყოფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ანდრეს ხაირკმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია დაახლოებით 150-ჯერ დიდია ესტონეთის ჯარზე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ესტონეთს რეალური შანსები აქვს იმის, რომ რუსეთთან დაპირისპირებისას, მიიღოს საგრძნობი უპირატესობა ვირტუალურ საბრძოლო მოედანზე.
გარდა იმისა, რომ არც ისე დიდ ევროპულ სახელმწიფოში განლაგებულია პროგრამა „სკაიპის" დამუშავებაში მონაწილე ტექნოლოგიური ჰაბი, ასევე ესტონეთშივე მდებარეობს ნატო-ს კიბერთავდაცვის ცენტრი და სწორედ ბალტიისპირეთის რესპუბლიკაში გაიმართა გასულ წელს ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების სწავლება კიბერუსაფრთხოების საკითხში.
გასულ წელს სააგენტო „როიტერსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები წლების განმავლობაში სისტემტურად ესხმოდნენ თავს ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ენერგოკომპანიების ქსელებს და, ამავდროულად, შეუმჩნევლები რჩებოდნენ.
თუმცა, რუსეთი ყოველთვის უარყოფდა ამ საქმეში მონაწილეობას ან კიბერთავდამსხმელებთან რაიმე კავშირის ქონას. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის დამტკიცება თავდასხმებში ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს მას შემდეგ, რაც მებრძოლ-განმათავისუფლებელის ძეგლი გადაიტანეს და ამის გამო ტალინში დაიწყო არაულობა, ესტონეთში კიბერთავდასხმებს ახორციელებდნენ რესპუბლიკის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე.
მაშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა კიბერთავდასხმებში რუსეთი დაადანაშაულა.
თუმცა, ესტონეთის კიბერქვედანაყოფის მეთაურმა არ დაასახელა არც რუსეთი და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო პოტენციურ მოწინააღმდეგედ.