მარიამ კუპატაძე
01.08.2018

 „ძალა პარტნიორობაშია" - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018" უკვე მეოთხედ მასპინძლობს.

საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები - აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ გრონსკი.

სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და აშშ-ს ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურმა გენერალმა ჯოსეფ ლინგელმა.

„ღირსეული პარტნიორი 2018"-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდება. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურებაა. დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის" ვერტმფრენებით ჩამოქვეითდება. სამხედროების ერთი ნაწილი საცეცხლე მხარდაჭერას განახორციელებს, ხოლო მეორე - სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

„ღირსეული პარტნიორი 2018" საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018" კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018"-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია". სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

"საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს „ღირსეული პარტნიორის" სწავლებას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოში და მთლიანად ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოებას განმტკიცებისთვის", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

"ჩვენი ამოცანაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი განვითარება, გაძლიერება, მათი თავსებადობის დაახლოება ნატოსთან და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წვლილის გაზრდა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში. ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა მოქალაქემ უნდა თავი იგრძნოს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რაც ცალსახად ადასტურებს თუ რამდენად ღირსეული და სანდრო პარტნიორები ვართ ჩვენ მათთვის. ეს არაერთხელ დაამტკიცეს ჩვენმა სამხედროებმა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში ჩართულობით. მჯერა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან დაახლოების პროცესში ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზანთან, რაც არის ალიანსის სრულფასოვანი წევრობა", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×