ელზა პაპოშვილი
01.08.2018

 თბილისში, ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 39 წლის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის საკუთარი სახლის კორპუსთან მეზობლებმა უკვე გარდაცვლილი ნახეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები აცხადებენ, რომ ადგილზე მისულებს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მათი თქმით, ის სავარაუდოდ, თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მამაკაცს იმდენად მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, რომ ის ძლიერი სისხლდენის შედეგად ადგილზევეა დაიღუპა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები და გარდაცვლილი ახალგაზრდას მშობლები აცხადებენ, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, დილით უნდა მომხდარიყო, რადგანაც მამაკაცი სახლიდან ადრე სამსახურში წავიდა. მისი გვამიც სწორედ სახლთან ახლოს ერთ-ერთი კომპიუტერული მომსახურების კომპანიის ეზოში იპოვეს და მოკლული მამაკაცი თავადაც ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო.

სავარაუდოდ, მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის ფეხით სამსახურში მიდიოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არც სროლის და არც რაიმე კამათის ხმა გაუგონიათ. ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს თავს უკნიდან მიპარვით დაესხნენ და მას ბლაგვი საგნის გამოყენებით კეფის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილმა ვერც რეაგირება და ვერც დაძახება მოასწრო, რადგანაც იქვე მცხოვრებლებს არანაირი ხმაური არ გაუგონიათ.

უცნობია მკვლელობა არის თუ არა ძარცვის მიზნით ჩადენილი, რადგანაც ოჯახმა არ იცის არის თუ არა რაიმე თანხა წაყებული, თუმცა ამბობენ, რომ მათ შვილს გამორიცხულია ხელზე რაიმე დიდი ოდენობის თანხა ჰქონოდა.

მათი თქმით, მას არც კონფლიქტი და არც რაიმე სახის უკმაყოფილება არავისთან არ ჰქონია, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიება ყოფილიყო. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი ჯერჯერობით არ დაუდგენია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„არაფერი არ ვიცით, მეზობლებმა იპოვეს გარდაცვლილი დილას. იმ ეზოში იყო მოკლული, სადაც თავად მუშაობს. ვვრაუდობთ, რომ ან სამსახურში წასვლისას მოკლეს ან გამოსვლისას. ოჯახმა არაფერი არ იცის. არც სროლის ხმა და არც რაიმე ჩხუბის ხმა გარშემო არავის არ გაუგონია. ვფიქრობთ, რომ ვიღაც უკანიდან მიეპარა და თავში რაღაც ჩაარტა. კეფაში აქვს ჭრილობები მიყენებული.

"არ ვიცით ჰქონდა თუ არა ფული, ძალიან რთული სათქმელი. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს მისი გაძარცვა უნდოდა და ამიტომ ჩაარტა. თუმცა, ამას ვერც დაზუსტებით ვერ ვიტყვით. არ გვგონია, რომ ქეშად დიდი თანხა ჰქონოდა.

"პატიოსანი და მშრომელი ბიჭი იყო, რომელიც სახლთან ახლოს კომპიუტერების კომპანიაში მუშაობდა. ვისთვის რა უნდა დაეშავებინა, რომ ასე სასიკვდილოდ გაემეტებინათ. წყნარი და მშვიდი ადამიანი იყო, კონფლიქტიც არავისთან არ ჰქონია. მოწმეებიც კი არ არსებობენ ვისაც შეიძლება რაიმე დაენახა", - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი „რეზონანსთან" საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული. აღნიშნული მუხლით განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

უწყების ცნობით, კაცის ცხედარი დღეს დილას, გამთენიისას იპოვეს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზები უკვე დანიშნულია და ზუსტი გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×