საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ საზოგადოების აზრი ორად გაყო; ნაწილი მომხრეა მარიხუანას ლეგალიზაციისა, ნაწილი კი სასამართლოს არასწორ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
როგორ აფასებს ფაქტს და ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად შემსუბუქება უნდა მოხდეს თუ არა საქართველოში, "რეზონანსი" ამ საკითხებთან დაკავშირებით კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ზვიად გელბახიანს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ თავად მოვლენას დადებითად აფასებს, მაგრამ არსებობს ასევე პრობლემური საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია.
"ფაქტს, რა თქმა უნდა, მივესალმები, მაგრამ არსებობს ასევე აუცილებელი საკითხები, როგორებიც არის დეკრიმინალიზაცია. დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი უკვე რამდენიმე წელია, რაც თაროზეა შემოდებული და მისი შეცვლა უნდა მოხდეს.
"მხოლოდ შენახვა და ფლობაც კი დასჯადია. ასევე, სხვა ნარკოტიკული საშუალებების მცირე დოზით ფლობაც, დასჯადი რჩება და ამასთან მიმართებაში საკითხები კვლავ პრობლემატურია.
"ბუნებრივია, მივესალმები, თუმცა წინ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომლებიც გადასაჭრელია და ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია. მილიგრამებზე დაჭერილმა მოქალაქეებმა დროზე უნდა დატოვონ ციხე", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ პარტია "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას გულისხმობს. მარიხუანას მომხარება ლეგალური გახდა, მაგრამ მისი შეძენა-შენახვა - არა.
"რეზონანსი" ასევე დაინტერესდა კლუბ "ბასიანის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე; გელბახიანმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს კლუბში სამართალდამცვლების მიერ ამოღებულ იქნა გარკვეული თანხა, რომელიც, როგორც თავად გელბახიანმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე წაიღეს, მაგრამ მისი დაბრუნება ჯერ არ მომხდარა.
"გარკვეული თანხა ამოღებულ იქნა სამართალდამცველების მიერ, რომელიც ჯერ არ დაუბრუნებიათ და არც ამბობენ, თუ როდის დააბრუნებენ. დაახლოებით 40 000 ლარამდე აქვთ წაღებული, რაც ჩვენს მუშაობაზე გავლენას ახდენს.
"არაოფიციალური ვერსიით, საგამოძიებო მოქმედებების გამო არ აბრუნებენ თანხას, მაგრამ მისი დაბრუნების თარიღი უცნობია და არ ვიცით, როდის დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები ან რატომ არის დაკავშირებული ეს ყველაფერი გამოძიებასთან", - განაცხადა ზვიად გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს, ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიაში" ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე კი შსს-მ მხოლოდ ერთი პირი დააკავა.
თბილისში 12 და 13 მაისს აქცია "ჩემი თავისუფლებისთვის" გაიმართა. აქციის მონაწილენი ღამის კლუბებში ჩატარებულ ოპერაციებს აპროტესტებდნენ. სპეცოპერაციის შემდეგ კლუბი დახურული იყო და პირველ ივნისამდე მისი გახსნა არ იგეგმებოდა, მაგრამ 23 მაისს კლუბი "ბასიანი" გაიხსნა და დღეს ის ფუნქციონირებას განაგრძობს.