ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე საუბრობს. ანალიტიკოსი "ოცნებას" მოუწოდებს, რომ საზოგადოებას კარგად განუმარტოს, როგორ და რა ფორმით აპირებს ის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას.
ხუხაშვილი საკმაოდ მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს სალომე ზურაბიშვილის მმართველი გუნდის კანდიდატად დასახელებას და ამბობს, რომ ამ ქალბატონს პრეზიდენტობა 2012 წელსაც სურდა, თუმცა მაშინ ივანიშვილმა უარი უთხრა. მისი აზრით, ახლაც მისი სურვილი იქნებოდა, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებულიყო.
"რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, მან განაცხადა, რომ შესაძლოა, "ოცნებას" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდეს და დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ამასთანავე, გუნდიდან მხარდამჭერი მესიჯები სალომე ზურაბიშვილის მისამართით კეთდება. რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება?
გია ხუხაშვილი: არ აქვს მნიშვნელობა, "ოცნება" ვის წარადგენს თავის კანდიდატად, ეს იქნება პარტიის წევრი თუ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის დამოუკიდებელ კანდიდატურაზე საუბარი, ძალიან კომიკურად გამოიყურება.
ჩვენი საზოგადოება ფორმალისტური საზოგადოებაა, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ქალბატონი პარტიის წევრია თუ არა? ხუთი წლის განმავლობაში მთავარია, ის რას აკეთებდა? ჩვენ ვიცით, რომ ის "ქართული ოცნების" თავგადაკლული აქტივისტი იყო. ის პარტიაში გაწევრიანებული იყო თუ არა, ამის არგუმენტად გამოყენება ცოტა სასცილოდ გამოიყურება.
გარდა ამისა, საინტერესოა, რას ნიშნავს მხარდაჭერა. მხარდაჭერაა აქტიური და პასიური. პასიურია, როცა აცხადებ უბრალოდ, რომ მხარს უჭერ, ხელებს იბან და არჩევნების დროს, სიტყვის გარდა, არაფრით ეხმარები, ხოლო აქტიურია, როდესაც მთლიანად ამ კანდიდატის რესურსს უზრუნველყოფ. ეს არის როგორც ადამიანური, ასევე ფულადი.
ამიტომ საზოგადოება უნდა გაგვარკვიონ, რას ნიშნავს მათი მხადაჭერა. ის აფინანსებს ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას? ცოტა უცნაურია, ტექნიკურად როგორ უნდა მოახერხოს სხვა პარტიამ იმ კანდიდატის დაფინანსება, როცა მათი წევრი არ არის. ეს კანონთან შესაბამისობაში მაინცდამაინც არ მოდის. ასე რომ, აქ ძალიან ბევრი გაურკვეველი საკითხია, რომლებიც "ოცნებამ" ჯერ თავად უნდა დაალაგოს და მერე ჩვენ გაგვარკვიოს.
"რ": თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა 2012 წელსაც სურდა და ის ივანიშვილს სთხოვდა, რომ "ოცნების" კანდიდატად დაესახელებინა. რა გახდა მიზეზი, რის გამოც მას ივანიშვილმა უარი უთხრა?
გ.ხ: რა თქმა უნდა, ვიცი მიზეზი, მაგრამ ამაზე ჭორაობას ვერ დავიწყებ. დაგიდასტურებთ ნამდვილად, რომ ამ ქალბატონს 2012 წელსაც სურდა პრეზიდენტობა. ამის მისაღწევად ის აქტიურად მუშაობდა, თუმცა რატომ ეთქვა უარი, ამის კომენტარისგან თავს შევიკავებ. ის მიზეზები, რომელთა გამოც მას უარი ეთქვა, ახლაც აქტუალურია და ამ კუთხით არც არაფერი შეცვლილა.
"რ": ფიქრობთ, რომ ახლაც თავად სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ივანიშვილს, "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო?
გ.ხ: რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს თავადვე შესთავაზა, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო. ის თვლის, რომ მან ეს ჯილდო დაიმსახურა. აქტივისტი ტყუილად არ ვახსენე. ეს ქალბატონი "ქართული ოცნების" ყველაფრის გამპრავებელია. ამიტომაც მიაჩნია, რომ ამ წლების განმავლობაში მას ეს ბონუსი ყველაზე მეტად ეკუთვნის.
"რ": ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობა ძვირად დაუჯდეს და მარგველაშვილი სანატრელიც კი გაუხდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
გ.ხ: მეც ვფიქრობ, რომ მისი ხასიათი მართლა თავის ტკივილი იქნება არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ - სახელმწიფოსთვისაც. რბილად რომ ვთქვათ, ის საკმაოდ უცნაური ადამიანია. დეტალებში აღარ შევალ და არ დავაკონკრეტებ მის წარსულ საქმიანობაში გამოვლენილ ბევრ ცდომილებას.