ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ მოსკოვში ვირუსის მატარებელთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და ამ მონაცემებით, რუსეთმა, აივ-ინფიცირების შემთხვევებით, მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პროვინციებში, სადაც ცნობიერებაც დაბალია და სამედიცინო მომსახურებაც ცუდად არის განვითარებული.
აკადემიკოს ვადიმ პოკროვსკის თქმით, შიდსით, რუსეთში, ყოველდღიურად, 100-მდე ადამიანი იღუპება და ეს ეხება დაბალშემოსავლიან სოციალურ ფენას. მთლიანობაში კი, რუსეთის მილიონობით მოქალაქე აივ-ინფიცირებულია, უბრალოდ, გარკვეული ნაწილი ვირუსის მართვას ახერხებს.
"ხელისუფლების არასაკმარისი აქტიურობის, გამოკვლევებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, რუსეთის ზოგიერთ რაიონში ვირუსმა უკვე ეპიდემიის სახე მიიღო და რაც ყველაზე მთავარია, გავრცელების პრევენციაზე არავის ზრუნავს", - აცხადებს ის. სპეციალისტის თქმით, რუსეთის სახელმწიფო არ ზრუნავს ვირუსის მატარებელ ადამიანებზე, მეტიც, ცდილობს, არ ისაუბროს ამ თემაზე.
"მხოლოდ 2017 წელს, აივ-ვირუსის შემთხვევები 20,4%-ით გაიზარდა. ეს რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, რომელსაც ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა, სინამდვილეში ვითარება გაცილებით მძიმეა. ბევრმა არც იცის, რომ ვირუსის მატარებელია", - წერს ვადიმ პოკროვსკი.