რეზონანსი
02.08.2018

 ჟურნალისტი ნინო ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:

„თავისუფლების მეოდანზე, პუშკინის სკვერში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამალებული ფუთავენ ექსპონატებს, მათ შორის ფერწერულ ხატებს... დავით ლორთქიფანიძე და მისი გარემოცვა ხელოვნების მუზეუმიდან იქ ჩარჩენილი ექსპონატების და იმ საგანძურის ევაკუაციისთვის ემზადება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა საფრანგეთიდან დააბრუნა.

გუშინ დილით ხელოვნების მუზეუმის ეზოში სპეციალური დანადგარი - შიდა პერიმეტრზე სამოძრაო ტვირთმზიდი შეიტანეს და ხელოვნების მუზეუმის ეზოში განათავსეს. სამს წუთები აკლდა ეს ტვირთმზიდი, რომ გადავიღე, ჩემი პატარა გადამღები აპარატით.

მუზეუმის ეზოდან ამოსულმა ფოიშე შევდგი თუ არა ფეხი, დავინახე, რომ ზედა სართულიდან ქვემოთ კიბით ჩამოდიოდნენ: ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი და ეკა კიკნაძე და დინარა ვაჩნაძე, რამდენიმე, ჩემთვის უცნობ ადამიანთან ერთად.

რადგან მათ შორის თანამდებობით ყველაზე მაღლა მდგომი მიხეილ წერეთელი გახლდათ, მას მივმართე - ბატონო მიხეილ, ტვირთმზიდი რად გინდათ-მეთქი. ხელი აიქნია, ტვირთმზიდი არა ისო.

როგორ, რამდენიმე წუთის წინ გადავიღე, ეზოში დგას-მეთქი, - ვუთხარი და ჩემი პატარა გადამღები აპარატი ხელში მოვიმარჯვე - ახლა კამერის წინ მითხარით, მუზეუმში ტვირთმზიდი რატომ არის-მეთქი? მიხეილ წერეთელმა გაცეცხლებული სახით ხელიდან გამომგლიჯა ჩემი გადამღები აპარატი და ეზოსკენ ძუნძულით გაიქცა.

დამიბრუნეთ ჩემი აპარატი-მეთქი, - ორჯერ ხმამაღლა დავუძახე და იმ წამსვე (15:09 წუთზე) 112-ზე დავრეკე.

ქალბატონი ეკა ჩემთან მოვიდა, ჩემი გადამღები აპარატი მოიტანა და გვერდზე დამიდო (თუ არ ვცდები ეს ქალბატონი ბატონ მიხეილს უკან გაჰყვა და ეზოდან ამობრუნებულმა მომიტანა აპარატი). მე მაგას ხელს არ ვახლებ, სანამ პოლიცია არ მოვა და არ შეამოწმებს-მეთქი.

რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა კაცი, ხელში გაკეცილი ფურცელი ეჭირა. მითხრა - ეს თქვენი გადამღები აპარატის მეხსიერების ბარათია, არაფერია წაშლილიო. თქვენ ვინ ბრძანდებით, რატომ ერევით ამ საქმეში?! აქ პოლიცია მოვა და ის გაარკვევს რა როგორ არის-მეთქი. ამ ახალგაზრდა ბატონისგან გავიგე რომ ჩემი გადამღები აპარატიდან მეხსიერების ბარათი ამოღებული იყო.

საპატრულო პოლიციიდან ჯერ ორნი მოვიდნენ, შემდეგ მოემატნენ და მოემატნენ. მათი მითითებით ქალბატონ ეკას კაბინეტში შევედი და ჩემი გადამღები აპარატის მეხსიერების ბარათი მომეცით-მეთქი ვთხოვე. მაგიდაზე იდო, უხმოდ მიმითითა, აიღეთო. არაერთხელ ვკითხე, ვინ ამოიღო ეს ბარათი აპარატიდან, თქვენთან როგორ მოხვდა-მეთქი. პასუხი არცერთ ჯერზე არ გამცა.

გამოძიება დაიწყო ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე. ზუსტად ასე განმიმარტა გამომძიებელმა. ხვალ ისევ პოლიციაში ვარ დაბარებული და რა მოქმედებები განხორციელდება ხვალ, ამას პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ გიამბობთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×