(რეზონანსი) საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, რომელმაც აღნისნული თანამდებობა 2015 წელს 10-წლის ვადით დაიკავა, დღეს გადადგა. გადადგომის მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.
ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ნინო გვენეტაძის პირველი მოადგილე, მზია თოდუა შეასრულებს, რომელიც ასევე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ან გადადგომისას შემთხვევაში, პირველი მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.
პრემიერ- მინისტრის რჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ძალიან მოულოდნელი იყო ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უჭირს საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება რაიმე ფაქტს უკავშირდებოდეს.
"პირადად მე ეს საკითხი გავიგე ტაძარში. მან განაცხადა, რომ ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიღებული გადაწყვეტილება. ნამდვილად არ მაქვს სხვა ინფორმაცია და არ ვიცი უკავშირდება თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე დღის ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც იუსტიციის საბჭოში გარკვეულ დისკომფორტზე საუბრობდა. გვენეტაძე არის ადამიანი, რომლის მიმართაც მაქვს დიდი ნდობა და პატივისცემა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარი არ გამორიცხავს, რომ გვენეტაძის გადადგომა უკავშირდებოდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, „ციანიდის საქმესთან" მიმართებაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, ადამიანს, რაც უფრო დიდ თანამდებობაზეა, ჯანმრთელობის პრობლემები მეტად შეიძლება აწუხებდეს.
"საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო დაბალანსებული გახდა. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს მაღალი შეფასება აქვს მიღებული საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების მხრიდან. საქართველო სასამართლოს ნაწილში საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა რასაკვირველია, პრობლემები არსებობს. რაც შეეხება ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომას, მას უფლებამოსილების ვადა 10-წლით ჰქონდა და ვერავითარი ძალა ადამიანს ვერ აიძულებს გადადგეს, თუ ამის პირადი სურვილი არ აქვს. როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ხანდახან ადამიანს, რაც უფრო დიდ თანამდებობაზეა, ჯანმრთელობის პრობლემები მეტად შეიძლება აწუხებდეს - ყველაფერში ეჭვის შეტანა არ მგონია გამართლებული", - განაცხადა ვოლსკიმ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ვადები კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ კი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება - პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით,ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად იქ, სადაც იყო. დეპუტატი ამბობს, რომ მას ნინო გვენეტაძის გადადგომის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონია.
„მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად, დარწმუნებული ვარ. ერთმანეთის მეგობრები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კოლეგები ვიყავით, უნივერსიტეტში ერთად ვმუშაობდით, მაგრამ რამდენჯერაც შევხვედრილვარ, განცდა მქონდა იმისა, რომ კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ბექა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს უარყოფითად აფასებს.
„ძალიან უარყოფითია ჩემი შეფასება, მაგრამ რა წვლილი აქვს ნინო გვენეტაძეს ამაში, ხელეწიფებოდა თუ არა ამ მდგომარეობის გამოსწორება მას და ასე შემდეგ, ამაზე მსჯელობა ცოტა რთულია ჩემთვის", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.