ტატა შოშიაშვილი
02.08.2018

 პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ციანიდის საქმეზე მორიგ სკანდალურ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დანმაშავეა და ამის შესახებ იმ მეუფეებმაც იციან, ვისაც ციანიდის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღვთისმსახურებაზე განცხადა, რომ სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის თემა იქნება. მისივე თქმით, მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

„ჩვენ შემოდგომაზე შევიკრიბებით. ერთ-ერთი საკითხი იქნება გიორგი მამალაძის თემა. ეკლესიას მისი უდანაშაულობის რომ გვჯეროდეს, ჩვენ აქამდე გამოვიყვანდით მას. მოგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტები მეუფესთან საუბრისას დაინტერესდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მეუფე იაკობის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც მამალაძის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და პატრიარქის მდივან შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.

„ეს არის სიცრუე. ადამიანი როდესაც მატყუარაა, ყოველთვის მატყუარად დარჩება. ამაზე ყოველთვის ჭორიკნები საუბრობდნენ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში," - განაცხადა მეუფე იაკობმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ამ განცხადებაში და აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი პოზიცია და განცხადებაა.

ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ პირველივე დღიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ და მან ზუსტად იცოდნენ, რომ მამა გიორგი მამალაძე ციანიდის საქმეში დანმაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×