აშშ-ს საელჩო საქართველოში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული ძალები „ჩაჭიდებულია" საქრთველოს ტერიტორიას.
"საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიას ჩაეჭიდა და შეიარაღებულ ბანდფორმირებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე თარეშის ნება მისცა.
ამ ყველაფრის შედეგად ათობით ათასი ეთნიკური ქართველი სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში გაიქცა. ათი წლის შემდეგაც ბევრი მათგანი საკუთარ სამშობლოში დევნილად რჩება" - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ხალხის გასაჭირი დღემდე გრძელდება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მხარეები გამოსავალზე ვერც კი მსჯელობენ.
მიზეზი კი როგორც განცხადებაში წერია არის რუსეთის მიერ ამ საკითხის განმხილველი სამუშაო ჯგუფის დატოვება.
მომავალ კვირას 10 წელი სრულდება, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მას შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორია ოკუპირებული აქვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გუშინ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაშია ნათქვამი.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ამ ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი.
„ყოველივე ამას საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით აკეთებენ. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, სოფელ წებელდასთან მე-8 და მე-9 საუკუნის ნანგრევები გაანადგურეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ადგილი სამხედრო სასროლეთისთვის გამოეყენებინათ. ამით საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი სამუდამოდ გაქრა.
ახლახან კი რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სოფელ ერედვში მასობრივად გაანადგურეს იძულებით განდევნილი ქართველების სახლები. მრავალ მიზეზს შორის, ეს სულ რამდენიმეა, რის გამოც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიუღებელია", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში.