ტატა შოშიაშვილი
02.08.2018

 კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ძალაში პირველ აგვისტოს შევიდა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის, რომელიც ითვალისწინებს ხუთდონიანი მართვის სისტემის ორდონიანით ჩანაცვლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დონეზე რეაგირებასა და კოორდინირებაზე პასუხისმგებელი ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და მათს ყველა ფუნქციას შეითავსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხოლო ოპერაციების ძირითადი მონაწილეები იქნებიან სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელებს ავალდებულებს, რომ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ საჭირო ორგანოებს და სამაშველო სამსახური მოსვლამდე მაქსიმალურად ეცადონ დაზარალებულების დახმარებასა.

კანონში აღნიშნულია, რომ სამაშველო სამსახურის მოსვლამდე მოქალაქეების მიერ აკრძალულია დასახმარებლად ისეთი ზომების მიღება, რომელიც გავლენას მოახდენს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

გარდა ამისა, 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყება მოხალისეთა სიის შედგენა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ექნება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში ჩართვის. 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება პლატფორმა volunteer.ge, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება დარეგისტრირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადამზადებული მოხალისეები სოციალური გარანტიებითაც ისარგებლებენ. მოხალისეებისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, მათ დროებით სარგებლობაში შესაბამისი აღჭურვილობაც გადაეცემათ.

პირველი აგვისტოდან ძალაში შედის გამკაცრებული სანქციები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე - სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარებიან ობიექტები, რომლებზეც მანამდე რეგულაცია არ ვრცელდებოდა, კერძოდ, სასტუმროები, სადაც 100 საწოლზე ნაკლებია და სავაჭრო თუ გასართობი ცენტრები, რომელთა ფართობიც 300 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. დარღვევაზე ფულადი სანქციები 5-ჯერ იზრდება და 1 000 ლარიდან 5000 ლარამდე იქნება.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იქმნება ერთიანი ბაზა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით აღრიცხული იქნება ყველა ისტერიტორია, სადაც მოსალოდნელია საფრთხის შემცველი მოვლენების განვითარება. ამავე ბაზაში შევა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ანალიტიკური ანგარიშის მოსამზადებლად.

მომავალი წლის პირველი იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წვევამდელებს არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემადგენლობაში იქმნება ექსპერტთა საბჭო - სამეცნიერო-საკონსულტაციო გუნდი, რომლის მიზანიც საგანგებო სიტუაციების პრევენცია იქნება.

საბჭოში შემავალი მეცნიერები სხვადასხვა რისკის მიხედვით დეტალურად შეისწავლიან საქართველოს რეგიონებს და ამ რისკების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას მიაწვდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×