თამარ შუკვანი
02.08.2018

 პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებას ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ეხმაურება.

მუეფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამნაშავედ თვლის და მას დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

„რეზონანთან" საუბრისას რამიშვილმა განცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მზად იყო თავდებშიც კი ჩასდომოდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მაგრამ ადამიანთა ჯგუფი გარკვეული განზრახვით მასთან შევიდa და უთხრეს, რომ თუკი პატრიარქი თავდებში ჩაუდგებოდა, ხალხი დეკანოზს ლინჩის წესით გაასამართლებდა.

„პატრიარქი გერმანიიდან რომ ჩამობრძანდა, იგი მზად იყო პირად თავდებში ჩადგომოდა მამა გიორგის. მე მახსოვს მისი სიტყვები; მან განაცხადა, რომ მამა გიორგი არა თუ ამას ჩაიდენდა, არამედ არც კი გაიფიქრებდაო.

„ჩვენ ვამზადებდით თითქმის ყველაფერს, მაგრამ გარკვეული კულუარებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები მასთან შევიდნენ და მათ შორის იაკობიც იყო; თქვენო უწმინდესობავ, თქვენ, რომ მას თავდებში ჩაუდგეთ და გამოუშვათ, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს, რადგან ხალხმა იცის, რომ თქვენი მოკვლა უნდოდაო," - აღნიშნა მან.

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის მუქარასაც ეხმაურება, სადაც ქორეპისკოპოსმა განაცხადა, რომ თუკი არ მოისვენებენ ის ადამიანები, ვინც დეკანოზ გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც შარში გაეხვევიან. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი თავადაც მუქარას უთვლის მეუფე იაკობს.

„იაკობმა რომ გააკეთა განცხადება, მამა გიორგის დაცვას თავი დაანებონ, თორემ შავ დღეში ჩავარდებიანო, სწორედ თავად არ ჩაიგდოს თავი შავ დღეში. თმის ღერი არ ჩამოუვარდეს არავის, თორემ შემდეგ საკუთარ თავს მოსთხოვოს. ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვროს კონსტანტინე იაკობაშვილმა.

„იგი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, რადგან თავად არის სკანდალი. ისეთი რაღაცეები შექმნეს და ისეთი სიბინძურეები გააკეთეს, რომ უკვე თვითონაც არ იციან, როგორ გამოძვრნენ ამ სანაგვეთიდან.

„ეს, რაც გააკეთეს იყო დედა-ეკლესიისა და მთელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. ხალხი ბრმა არ არის, არც მუნჯი და ყრუ არ არის. ყველა კარგად ხედავს რა სიბინძურესთანაც გვქონდა და გვაქვს საქმე. თუ როგორ დაგეგემეს ეს ეკლესიის, პატრიარქის, ერისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართულად. ამიტომაც არ იციან, რა უნდა ქნან და რამით ხომ უნდა გაამართლონ თავიანთი თავი," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×