სახელმწიფოსგან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში სახელმწიფომ 5914 წვევამდელი გამოიძახა, მათგან 4406-მა სამხედრო სამსახურს თავი გირჩის მიერ დაფუძნებული "ეკლესიით" - "ბიბლიური თავისუფლებით" აარიდა.
შედეგად, ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემული მღვდელმსახურის ცნობით წვევამდელთა 75%-მა ისარგებლა.
"ბიბლიური თავისუფლების" მონაცემებით, მათ ცნობა 8300-ზე მეტ პირს მისცეს. on.ge-ს ცნობით, "ბიბლიური თავისუფლება" ქართული კანონმდებლობის იმ ჩანაწერის გამოსაყენებლად შეიქმნა, რომელიც მღვდელმსახურებს უფლებას აძლევს უარი თქვან სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.
ივლისში ბიბლიურმა თავისუფლებამ "რეფორმაცია" გამოაცხადა. რელიგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ესმის რა ორგანიზაციაა "გირჩი" და ბიბლიური თავისუფლება.