მარგველაშვილი-უსუფაშვილის ტანდემი ვერ შედგა, როგორც თავად პრეზიდენტი აცხადებს, პარტიული ცხოვრებისთვის ამ ეტაპზე ის მზად არ არის.
"ბატონ დავითთან მქონდა არაერთი საინტერესო შეხვედრა სისტემურ პრობლემებზე, ინსტიტუციების შესუსტებაზე, თუ რა როლი შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ვითამაშოთ ქვეყნის გაძლიერებაში. ამის შესახებ ბატონი დავითის შეფასების ძირითად ნაწილს ვიზიარებ, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის მშენებლობასა და, პარალელურად, ამ ტაქტიკით ერთად მოძრაობას, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ ვარ. პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე, და დავით უსუფაშვილს ვუთხარი, რომ ამას არც მომავალში ვაპირებ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, შეძლება არშემდგარმა პარტნიორებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.
გახდის თუ არა მათი ჩართულობა უფრო მრავალფეროვანს საარჩევნო პროცესს, ამის შესახებ "რეზონანსი" "რესპულიკური პარტიის" წევრ დავით ზურაბიშვილს გაესაუბრა.
დავით ზურაბიშვილი: მარგველაშვილის განცხადებიდან ჩანს, რომ მას არ სურს პარტიული ცხოვრება, არც ის, რომ პრეზიდენტობა მოინდომოს. ამიტომ მე მის მოტივაციას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ნერვებს უშლის ხელისუფლებას. თუ მარგველაშვილს მართლაც უნდა პოლიტიკაში ყოფნა, პოლიტიკური პარტიის ან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე არ გამოვა და არც აზრი არ აქვს, კენჭი იყაროს. თუ მას პოლიტიკაში დარჩენა უნდოდა, ამაზე ფიქრი ადრე უნდა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებას" არ ეყოლება ძლიერი კანდიდატი, ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან დაგვიანებულია.
"რ": უსუფაშვილს რა შანები აქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი თავის კანდიდატურას დააყენებს ამ არჩევნებში?
დ.ზ: იმ პირობებში, ახლა რა ძალთა განლაგებაც არის, არა მგონია, დიდი შანსები ჰქონდეს. ვაშაძის ან ბაქრაძის ამომრჩევლების მაქსიმუმი არის 500 ათასი ადამიანი, "ოცნების" - დაახლოებით 800 ათასი ადამიანი. აქედან ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა შეიძლება ნახევარი წაიღოს, ანუ მათ შორის იქნება რეალური ბრძოლა მეორე ტურისათვის.
"რ": მეორე ტურს სააკაშვილი გამორიცხავს და ამბობს, რომ 28 ოქტომბერს, გიორგობის დღის აღსანიშნავად, იქვე, საკუთარი სახლიდან ფეხით პრეზიდენტის სასახლეში გადავლენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე და პირველი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი...
დ.ზ: იმ შემთხვევაში, თუ გაიმართება მეორე ტური, შეიძლება, გავიდეს ბაქრაძე, უსუფაშვილი რთულად წარმომიდგენია მეორე ტურში. თუ პირველივე ტურში ვერ გავა ხელისუფლების მხრდამჭერი სალომე ზურაბიშვილი, მას მეორე ტურში გამარჯვება გარანტირებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კანდიდატი არ არის.
რაც შეეხება "ნაცმოძრაობას" ან მის კანდიდატს, გამარჯვებაზე ლაპარაკი შეიძლება, როცა ღრმა წარსული იქნება, ანუ კარგა ხანი უნდა გავიდეს, რომ ის ტრავმები და განცდები დაივიწყონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს "ნაცმოძრაობის" მმართველობა, ასეთები კი ბევრნი არიან. შეიძლება, მაშინ ისინი დიდი ასაკის არ იყვნენ, მაგრამ ახლა საშუალო ასაკს მიტანებული იქნებიან, ამ ასაკის ამომრჩეველი კი ყველაზე აქტიურია.
"რ": სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე რას იტყვით?
დ.ზ: სალომე ზურაბიშილის კანდიდატურა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ თავის ტკივილი გახდება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე - ხელისუფლებისთვის. მას სჩვევია მოუზომავი განცხადებები და შეიძლება, საერთაშორისო დონეზეც გამოიწვიოს პრობლემები. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა სანანებლად ბიძინასაც გაუხდება.