საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არანორმალური სისწრაფით - 11-ჯერ გაიზარდა. შარშანწინ გაზრდილი აქციზის გადასახადის შემდეგ, შარშან თამბაქოს ნაწარმის იმპორტმა იკლო, მაგრამ წელს უცებ გაორმაგდა და ეს სწორედ რეექსპორტს უკავშირდება. რა გახდა ბოლო ერთ წელში ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი? კომპანიები კომენტარისაგან თავს იკავებენ, ხოლო სპეციალისტებს სხვადასხვაგვარი ინფორმაცია აქვთ.
სტატისიკის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა. აქციზის გადასახადის ზრდის შემდეგ, 2014 წლიდან, იმპორტის მუდმივი კლება მიმდინარეობდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში შემოვიდა 103,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტი, 2014 წელს, ამავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 115,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. აქციზის ზრდის პირვანდელი შედეგი 2014-დან 2015 წლამდე 10%-იანი კლება იყო, 2016 წელს კი იმპორტის მოცულობა 102 მილიონამდე შემცირდა.
თამბაქოზე აქციზი რამდენიმე ეტაპად გაიზარდა. აქციზის ზრდამ, ლარის გაუფასურებასთან ერთად, სიგარეტი გააძვირა. "პირველი არხის" ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივნისში სიგარეტის, სიგარებისა და სიგარილების 53,773 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11-ჯერ მეტია.
აყველაზე დიდი ოდენობით საქართველოდან სიგარეტი აზერბაიჯანში გადის - 6 თვეში 38,7 მილიონი დოლარის თამბაქო გავიდა. ექსპორტის მოცულობამ უზბეკეთში - 6,1 მილიონი დოლარი, ყაზახეთში - 5,8 მილიონი დოლარი, სინგაპურში კი 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამასთან, გაზრდილია სიგარეტის იმპორტიც - 2018 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 63,5 მილიონი დოლარის თამბაქოს ნაწარმი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
ასეთი უჩვეულო მონაცემების გამო, "რეზონანსი" დაუკავშირდა თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებს, თუმცა თითქმის ყველგან განაცხადეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ აღნიშნულის შესახებ, ზოგიერთმა კი კომენტარის გაკეთება საერთოდაც არ ისურვა.
საქართველოდან თამბაქოს ექსპორტის ზრდას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ორგანიზაციაში აქციზის ზრდას უკავშირებენ. მათი თქმით, სავარაუდოდ, ადგილობრივი მწარმოებლები ცდილობენ, მეზობელი ქვეყნების ბაზარი აითვისონ.
"თამბაქო არ არის ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება მეწარმემ რეექსპორტზე გაიტანოს, თუნდაც ავტომობილებისაგან ანდა სხვა პროდუქციისგან განსხვავებით. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, თავისი თამბაქო თვითონვე გაიტანოს ექსპორტზე, საქართველოს გავლით კი ეს დამატებითი ხარჯია.
მონაცემების გაანალიზებისას, უფრო სავარაუდოა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდეს ადგილობრივი ნაწარმი, რომლის წილიც ქართულ ბაზარზე წლების განმავლობაში იკლებდა.
ამ მხრივ ორი ვარიანტის განხილვა შეიძლება: პირველი - ადგილობრივმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, აითვისონ სხვა ქვეყნის ბაზარი, რასაც მაინც იქამდე მივყავართ, რომ ამას საქართველოში აქციზის განაკვეთის ზრდა განაპირობებს. თამბაქოს მოხმარებასა და რეალიზაციაზე საქართველოს მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთშიც კი, სადაც აკრძალვები მოქმედებს, ის ბევრად მსუბუქია არც ასეთი მკაცრია და არც ამდენად აქტუალური ეს თემა.
ამიტომ შესაძლოა, ქართულმა კომპანიებმა დაიწყეს ბაზრების დივერსიფიცირება და თუ ადრე ორიენტირი ადგილობრივი ბაზარი იყო, ახლა, გაყიდვების შემცირების შიშით, მეზობელი ქვეყნების ათვისებაც გადაწყვიტეს. რეალურად, დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით კომპანიების მხრიდან უნდა ვრცელდებოდეს. ჩვენ მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვით. ეს შიდა ინფორმაციაა, რომელიც თავად მწარმოებლებს აქვთ", - განუცხადეს "რეზონანსს" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.
"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე კი მიიჩნევს, რომ ზრდა სწორედ რომ რეექსპორტს უკავშირდება. ეს პრაქტიკა საქართველოში 2013 წლიდან დაინერგა.
"დამაბნეველი მომენტი, როგორც წესი, სტატისტიკაში ის არის, რომ დეტალურად არაფერი ქვეყნდება. ექსპორტი და რეექსპორტი არ არის გამიჯნული. სავარაუდოა, რომ სწორედ რეექსპორტი მიმდინარეობს და ამიტომ არის ეს შედეგი. ერთი ქვეყნიდან პროდუქციის შემოტანისა და მეორეში გაყიდვის პრაქიკა თამბაქოსთან დაკავშირებით 2013 წლიდან დაინერგა. მანადმე ეს არ ხდებოდა. პირველ წელს უმნიშვნელო ციფრი იყო, შემდეგ კი პერმანენტული ზრდა დაფიქსირდა.
არის რამდენიმე კომპანია, რომლებსაც თამბაქო შემოაქვს საქართველოში რეექსპორტის რეჟიმით. როგორც ჩანს, ამით მნიშვნელოვან მოგებას ნახულობენ და უღირთ. ეს ტვირთი არ ბრუნავს ჩვენს ტერიტორიაზე, საზღვარზე სპეციალურ საწყობებში ინახება და იქიდანვე ხდება მესამე ქვეყნებში გატანა. ამას აქვს თუ არა რამე კავშირი თამბაქოს უკანონო ბრუნვასთან, ვერაფერს ვიტყვი, ეს საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა", - აცხადებს "რეზონანსთან" ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 25.4 მლნ დოლარით არის გაზრდილი.