ია აბულაშვილი
03.08.2018

 "ჯერ-ჯერობით არ ჩანს, არც მგონია რომ გამოჩნდეს ფიგურა, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, ვისაც შეუძლია მართლაც მნიშვნელოვანი სახალხო მხარდაჭერა მოიპოვოს, ვისაც ადამიანები გულის კარნახით მისცემენ ხმას" - ამბობს პეტრე მამრაძე, ვისაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესუბარა.

"რეზონანსი": ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევებით მოსახლეობის განწყობა ამ არჩევნების და მასში მონაწილე კანდიდატებისადმი მეტნაკლებად ცნობილია. ქართულ "ოცნებას" ხმას ამომრჩეველთა 15% აძლევს, 10% - "ნაცმოძრაობას", მარგველაშვილს 6%-ი უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს 6%-ი და ა.შ.

პეტრე მამრაძე: ჯერ-ჯერობით არ ჩანს, არა მგონია, რომ გამოჩნდეს ფიგურა, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, ვისაც შეუძლია მართლაც მნიშვნელოვანი სახალხო მხარდაჭერა მოიპოვოს, ვისაც ადამიანები, როგორც იტყვიან გულის კარნახით მისცემენ ხმას და არა ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსის გამო. დღესაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ინერციით აღქვამს პრეზიდენტის პოსტს, როგორც ადრე იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ წარმომადგენლობითი და საარბიტრაჟო ფუნქციები აქვს, ისე როგორც იმ საპრალამენტო რესპულიკებში, რომელთაც პრეზიდენტის გვარიც კი არ იციან, გარდა პროფესიონალი პოლიტიკოსებისა.

"რ": ალაბათ ეს არის პასიურობის მიზეზი, რადგან არჩევნების თარიღი დასახელებულია და გარდა "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი" ოფიციალურად კანდიდატები არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას არ დაუსახელებია, მათ შორის მმართველ გუნდს...

პ.მ: მე სულ ვამბობდი, რომ სჯობს "ოცნებას" თავისი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეს, ეს იქნებოდა, ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება. თუ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, სინამდვილეში ყველას ეცოდინება, რომ რეალურად "ოცნების" კანდიდატია. ეს წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის", რადგან მაშინ მოუწევს მთელი თავისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენება იმისთვის, რომ დამოუკიდებელემა კანდიდატმა პირველივე ტურში "გაიმარჯვოს".

ასე გაიმარჯვეს "ოცნების" მაჟორიტარებმა - 72 მაჟორიტარიდან 72-ივემ, 73-ე კი სწორედ დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილი იყო. ამ რესურსულმა გამარჯვებამ კი დიდი ზიანი მიაყენა ოცნების ლეგიტიმაციას. ამიტომ სწორი და მომგებიანი იქნება "ოცნებისთვის" საჯაროდ რომ თქვან უარი სრულ პოლიტიკურ მონოპოლიაზე და არც კანდიდატი არ წარმოადგინონ და არავის არ დაუჭირონ მხარი. თანაც ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, პრეზიდენტის ფუნქციებში რეალური ძალაუფლება არ შედის.

"რ": ალაბთ "ოცნების" სიმპათია მაინც დამოუკიდებელ სალომე ზურაბიშვილისკენ გადაიხრება.

პ.მ: სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთთ მინისტრობა ყველას კარგად ახსოვს, რა დღეში იყო მაშინ სამინისტრო და როგორ გახდა სააკაშვილი იძულებული მოეხსნა ზურაბიშვილი. ვფიქრობ, რომ ბევრი ჩათვლის, რომ პრეზიდენტად ეს ქალბატონი ვერ გამოდგება. სალომე ზურაბიშვილს რომ მხარი დაუჭიროს, ეს დიდი შეცდომა იქნება, პირველ ტურში რომ ვერ გაიმარჯვოს, მთელი ხალხი აღქვამს ამას, როგორც "ოცნების" დამარცხებას, მის ჩაფლავებას, უძლურობას და ვაი იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც ხელისუფლებაში დარჩება, ასეთი პოლიტიკური ხარაკირის შემდეგ.

"რ": სხვა კანდიდატებზე რას იტყვით, მათ რა შანსები აქვთ?

პ.მ: ამბობენ ბურჯანაძეზეც, ხალხს ისიც კარგად ახსოვს, როგორ გამოიქცა ბურჯანაძე იმ მიტინგიდან, რომელიც თვითონ მოაწყო, 2011 წლის 26 მაისს, მსხვერპლიც რომ იყო. არა მგონია, რომ ბურჯანაძეს რაიმე შანსები ჰქონდეს.

ჯერ-ჯერობით სიტუაცია კარგდა ვითარდება "ნაცები" ანუ ვაშაძე აგინებს "ევროქოცებს" (ასე ეძეხიან ოპონენტები "ევროპულ საქართველოს" - რედ.) "ევროქოცები" კი საპასუხოდ აგინებენ "ნაცებს". რაც შეეხება მათ შანსებს, ტრადიციულად სააკაშვილს თავისი 10-12% ყოველთვის ჰყავს, მეტი არა, მაგრამ ისინი მოტივირებული ამომრჩევლები არიან. "ევროპულ საქართველოს" კი ნოლი რეიტინგი აქვს. დავით ბაქრაძეს რეიტინგი ჰქონდა სანამ სააკაშვილთან იყო ასოცირებული, ვნახოთ ახლა რას იზამს. მარგველაშვილ-უსუფაშვილის შესაძლო მონაწილოება არჩევნებში კი ეს უკვე კომედიის ჟანრში შედის. გაიხსენეთ თუნდაც მარგველაშვილის კარიკატურული პრეზიდენტობა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×