ოთხშაბათს, ღამით კოჯრის სამხედრო ნაწილში ჩხუბის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას; მეორე დაშავებული "ამტელ ჰოსპიტალში" მიიყვანეს; კიდევ ერთი სამხედრო პირი, ვისაც მცირე დაზიანებები ჰქონდა, პროფილაქტიკური კვლევებისთვის "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.
რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ სამხედროს, მათ შემოწმება ჩაუტარდათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს დაპირისპირების დროს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, იარაღი, რომლითაც ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენა, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა სამხედრო პოლიცია.
"1-ელ აგვისტოს, საღამოს საათებში სერჟანტთა მომზადების აკადემიაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამმა - ცივი იარაღით. ხუთივე მათგანი პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის მომხდარი ხიშტდანებით. იარაღი, რომლითაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. იმ მომენტში სამხედრო პოლიცია არ იმყოფებოდა ადგილზე. გამოძიება საწყის ეტაპზეა და ახლა ვერ მოგახსენებთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - განაცხადა ირაკლი ბეზარაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 3 კი ჩხუბის დროს დაშავდა.
დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, უტარდება მკურნალობა პალატაში. საშუალო სიმძიმის იყო მდგომარეობა შემოსვლისას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა", - განაცხადა "ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, პაციენტმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის უცნობმა პირებმა დაჭრეს.
"ჩემთან თქვა, რომ ვკითხე, რა მოხდა, როგორ-მეთქი, კოჯრის სამხედრო ბაზასთან დამჭრა უცნობმა პირმაო", - განაცხადა ექიმმა.