
2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში საკანონმდებლო ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც წვევამდელებს ჯარის სანაცვლოდ სახანძრო მაშველებად სამსახურს შესთავაზებენ. საგანგებო ვითარებაში ახალგაზრდებს ქვეყნის სამსახურში ყოფნისგან მღვდელმსახურის საბუთი ვეღარ დაიცავს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, მიხეილ ფეიქრიშვილის განცხადებით, ისინი, ვინც, გარკვეული მოტივებით, უარს ამბობენ, ჯარში იმსახურონ, შესთავაზებენ ალტერნატივას, რომ მათ იმსახურონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალებში, დატრენინგდნენ და ეს ყველაფერი სამხედრო-სავალდებულო სამსახურად ჩაეთვალოთ.
ამ ინიციატივას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილიც ეხმაურება.
„ვფიქრობთ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეზღუდავს ისეთ ხელოვნურ ინსტრუმენტებს, რომლითაც წვევამდელები თავს არიდებენ კონსტიტუციურ ვალდებულებას“, - აცხადებს სესიაშვილი.
პრობლემა ისაა, რომ "გირჩის" "ეკლესიის" მეშვეობით ერთ წელიწადში სავალდებულო სამსახურს 4000-ზე მეტმა წვევამდელმა აარიდა თავი.