"სხვა გზას არ გვიტოვებენ, ავაყირავებთ ტექნიკას და არ მივცემთ უფლებას ჩვენი სოფელს ძირი გამოუთხარონ" - ამ სიტყვებით, აქციის მონაწილეებს სოფელ ლიხაურის პედაგოგმა ირმა გორდელაძემ მიმართა.
სოფლის მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს კარიერებმა, რომლებიც სოფელში ჩამომავალ მდინარეზე ფუნქციონირებენ - შეწყვიტონ საქმიანობა. ამ ეტაპზე მდინარე აჭზე ათეულობით კარიერი ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის სოფელს. კანონის დარღვევით ქვიშა-ღორღის მოპოვებამ კი, მდინარეში ღრმულები გააჩინა, რაც საშიშროებას უქმნის ბავშვებს, იღუპება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და განადგურების პირასაა აჭის ხეობა.
მოსახლეობის პროტესტზე ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ კარიერებს კრიმინალურ ავტორიტეტებს ურიგებს ფულის საშოვნელად და ამით, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, მათ ვალს იხდის. თავად კარიერების მფლობელებმა "გურიის მოამბესთან" საუბარი არ ისურვეს და არც აქციის მონაწილეებს შეხვედრიან.