მარიამ კუპატაძე
03.08.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იკითხებიან.

"როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად", - ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე.

როგორც შოთაძემ განაცხადა, მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

მისივე თქმით, ის სხვა საკითხებზე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ირაკლი შოთაძე პარლამენტში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია

"შესაბამის კურატორ მოადგილეს და ქალაქის პროკურორს დავავალე, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი შესაბამის ინციდენტში", - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში მოსთხოვა თუ არა ირაკლი შოთაძემ პროკურორებს, რომ დაეკითხათ მირზა სუბელიანი.

„მე დავავალე შესაბამის კურატორ მოადგილეს და ქალაქის პროკურორს, რომ გაერკვიათ მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი შესაბამის ინციდენტში, დაედგინა მას, რა ქმედება ჰქონდა განხორციელებული და ეს იყო ჩემი დავალება. ეს გულისხმობს, რომ უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც ამ მიზნის განსახორციელებლად იყო საჭირო", - აღნიშნა შოთაძემ.

მისივე თქმით, მისი დავალება მოიცავდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ჩატარებას.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე ის მირზა სუბელიანს არ იცნობდა.

„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მირზა სუბელიანთან კონტაქტი, როდესაც ის იმყოფებოდა ცენტრალურ კრიმინალური პოლიციაში გარკვეულ გამოკითხვაზე", - განაცხადა გიორგი გახარაიამ.

რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, მან აღნიშნა, მირზა სუბელიანს იცნობდა, რადგან მისი თანამშრომელი იყო.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის ფიგურანტ მ.კ-სთან დაკავშირებით კითხვები შს მინისტრს კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ დაუსვა.

კახიძე დაინტერესდა, არის თუ არა საქმის კურსში მინისტრი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებას ამოღებული არ აქვს მ.კ.-ს მიმოწერა მირზა სუბელიანის შვილთან და მსჯავრდებულ გ.ჯ-სთან. გიორგი გახარიამ უპაუხა, რომ ის ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსშია.

ამასთან, კითხვაზე, იცის თუ არა მინისტრმა, რომ მ.კ. ფარდულში იმყოფებოდა ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე და ფიზიკურ კონტაქტში იყო დავით სარალძესთან, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ იცის.

ასევე, მინისტრის თქმით, დღეს უკვე მისთვის ცნობილია, რომ მ.კ-ს სახლი არ გაჩხრეკილა.

ოთარ კახიძის კითხვაზე, რომ სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, გამოძიებას არ ამოუღია მ.კ.ს- ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით იყო სისხლიანი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, ვერ ამოიღო, უფრო სწორი განმარტება იქნება".

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კომისიის წევრების კითხვაზე, რატომ არ ან ვერ მოხდა მ.კ.-ს სახლიდან ტანსაცმლის ამოღება, განაცხადა, რომ გამოძიებას გამომძიებელი საკუთარი სტრატეგიითა და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით წარმართავს.

ირაკლი შოთაძის თქმით, გამოძიებას თავისი ტაქტიკა ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია ზემოხსენებული ტანსაცმელის შესახებ.

„გამოძიება ზოგადად აღებული არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც ამოცანა ამოხსნა, განტოლება დაწერო და ფორმულა გამოიყენო ამისთვის. გამოძიება არის რთული კომპლექსური პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური, განსხვავებული და გამომძიებელები მოქმედებენ იმ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ იმ დროს გააჩნიათ. შესაბამისად, ეს არ არის მარტივი პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და განხვავებული", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილი შეფასებით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის მისვლა დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაც გამოიჩენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მათი შეკითხვები ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი იქნება.

„საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს უპრეცედენტო პროცესი, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოდიან ყოფილი მთავარი პროკურორი და შს მინისტრი, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ისინი კომისიის შეკითხვებს უპასუხებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ეს მიუთითებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და ინსტიტუციებისა და საგამოძიებო კომისიის მიმართ პატივისცემაზე. ეს დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. ჩვენ ყველა ის მნიშვნელოვანი შეკითხვა გვექნება, რომელზეც შესაძლოა, საჭირო იყოს პასუხის გაცემა მინისტრების მხრიდან.

იმედი მაქვს, ასეთ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მინისტრებმა გამოიჩინეს, კომისიის ყველა წევრი გამოიჩენს. საუბარი მაქვს, პირველ რიგში, ოპოზიციაზე და იმედს ვიტოვებ, რომ

მათი ძირითადი შეკითხვები ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი იქნება და ორიენტირებული იმაზე, რომ სრული სურათი და რეალური პასუხები მივიღოთ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ გვაინტერესებს.

ჩემთვის საინტერესო იქნება, ამ საქმეს როგორ აფასებს კონკრეტული პირი, იქნება ეს მინისტრი თუ ყოფილი მთავარი პროკურორი", - განაცხადა ოხანაშვილმა კომისიის სხდომის დაწყებამდე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×