სვანეთში მყინვარი ლეხზირი ჩამოიშალა. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი“ მესტიის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს, ზაურ ჩართოლანს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.
ჩართოლანის განცხადებით, მყინვარს საყრდენი გამოეცალა, რამაც შეგუბება გამოიწვია. მისი თქმით, ეს არც მოსახლეობისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს და არც წყალდიდობა არ არის მოსალოდნელი.
„მყინვარს საყრდენი გამოეცალა და მყინვარული მასა მოწყდა, რომელმაც წყლის შეგუბება გამოიწვია. აქ სიახლე არაფერი მომხდარა და ეს არის მუდმივი პროცესი. იმ ადგილიდან, სადაც ეს მოხდა, ლეხზერის მდინარის დასაწყისამდე არის ხუთნახევარი კილომეტრი. ამდენად, ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არც ხეობისთვის და არც წყლის ადიდებას არ გამოიწვევს,“ - აღნიშნა ჩართოლანმა.
მისივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან 112-ის ადგილობრივი თანამშრომლები, რომელთა განცხადებითაც შეგუბებულმა წყალმა უკვე გაიწოვა.
„ეს შეგუბება ამ ეტაპზე აღარ არსებობს და ადგილზე იმყოფებოდნენ 112-ს ადგილობრივი თანამშრომლები გიორგი ნიგურიანი და ბესარიონ ხერგიანი, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ადგილზე უკვე გაწოვილია ის წყალი, რაც იყო და მყინვარმა მთლიანად გაიწოვა. ამ ეტაპზე არავითარ საფრთხე არ არსებობს,“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს პროცესი კლიმატური ცვლილებების გამო მიმდინარეობს, მას კი მასშტაბური სახე აქვს მიღებული.
„მყინვარების ჩამოშლა მიმდინარეობს მუდმივად მას შემდეგ, რაც გამყინვარე მოხდა დედამიწაზე. მყინვარები დნება, იცვლის ფორმებს. დნობა მთელ დედამიწაზე ხდება კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე და მათ შორის ჩვენთანაც მიმდინარეობს ეს პროცესი,“ - განაცხადა ზაურ ჩართოლანმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირზე არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან:
„სავარაუდოდ, საქმე გვაქვს გლაციოლოგიურ პროცესებთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან), რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება. ამ ეტაპზე დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა ვიდრე სპეციალისტებისგან ინფორმაცია არ გვექნება.“