აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი რუსი გენერალ-მაიორი ვასილი ლუნევი გახდა. მანამდე ამ პოსტს ასევე რუსი გენერალი ანატოლი ხრულოვი იკავებდა.
პოლიტიკური ექსპერტები მამუკა არეშიძე და პაატა ზაქარეიშვილი თვლიან, რომ ამ შემთხვევასი არაფერი ახალი არ მომხდარა და აფხაზეთის გენშტაბის უფროსად რუსი გენერლის დანიშვნა საქართველოს ერთგავრი დაცინვა იყო, თუმცა, არეშიძის თქმით, ამ პოსტზე ლუნევის დანიშვნა აფხაზებს ნამდვილად არ მოეწონებოდათ.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ლუნევს ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოჭრილი რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელი ანატოლი ხრულოვი 9 აგვისტოს ბრძოლაში დაიჭრა, 9-დან 18 აგვისტომდე, ხრულევის შემცვლელის ოფიციალურად დასახელებამდე, 58-ე არმიას სწორედ ლუნევი ხელმძღვანელობდა.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეს დანიშვნა რუსეთის პოლიტიკის ჩვეულ რიტმში გაგრძელების ღია დემონსტრაციაა:
„რუსეთი მთლიანად აკონტროლებს აფხაზეთის არმიას. ახალი აქ ნამდვილად არაფერი არ ხდება - ეს არის ყველაფრის ცინიკურად გაგრძელება, გვარების ცვლილებით პოლიტიკა არ იცვლება“, -აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ გენერალ-მაიორი ლუნევი აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსად დაინიშნა იმიტომ, რომ, რუსების აზრით, რეგიონში არსებულ სიტუაციაში სწორედ ის ერკვევა ყველაზე კარგად:
„ეს ადამიანი დანიშნეს იმ მოტივით, რომ ვითომ ყველაზე უკეთ იცნობს რეგიონში არსებულ სიტუაციას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთგვარი ჟესტი - რუსეთი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს რეგიონში.
„რაც შეეხება აფხაზებს, ეს რომ არ გაუხარდებოდათ, დანამდვილებით ვიცი, მაგრამ ეტყობა, რომ მათ სხვა გზა არ დაუტოვეს“, - განაცხადა არეშიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ გენერალ-მაიორ ლუნევის დანიშვნა არ იქნება არანაირი დაპირისპირების მომასწავებელი:
„მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ დაიწყოს რაიმე სახის დაპირისპირება ამის შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რუსებმა ეს ყველაფერი აიღეს და ახლა აკონტროლებენ მითვისებულ ტერიტორიებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
არეშიძის თქმით, ეს იყო უბრალო დემონსტრირება რუსეთის თავნებობისა და ცინიზმის, რადგან 2008 წლის მონაწილე დაინიშნა ასეთ მაღალ „პოსტზე“.