წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების შედეგები დღეს გახდა ცნობილი. ზოგადი უნარების ტესტები ოთხ ვარიანტად იყოფა და თითოეულ ვერსიას საკომპეტენციო მინიმალური ზღვარი აქვს მინიჭებული: I და IV ვარიანტები - 23 ქულა და მეტი; III ვარიანტი - 24 ქულა და მეტი; II ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
აბიტურიენტების გარკვეულ ჯგუფში ქულათა მსგავსმა გადანაწილებამ პროტესტი გამოიწვია და მათი მოთხოვნაა, ზოგადი უნარების მესამე ვარიანტში მინიმალურმა ზღვარმა დაიწიოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო დოლიძეს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტისთვის მინიმალური ზღვარის დაწევა არ მოხდება, რადგან მესამე ვარიანტი ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივ ვერსიად იქნა მიჩნეული.
„მინიმალური ზღვრის დაწევა არ მოხდება, რადგან მესამე ვარიანტი არის ყველაზე მარტივი ვარიანტი და ზოგადი უნარების ტესტის ბარიერი - 24 ქულა, რაც არის ოფიციალურად, აბიტურიენტების ყველაზე ნაკლებ პროცენტს ჭრის. ამიტომაც ის არის აღებული ორიენტირად, თუ რა გახდეს სხვა ვერსიებში მინიმალური ბარიერი,“ - აღნიშნა სოფო დოლიძემ.
მისი განცხადებით, ბარიერის დასადგენად თავდაპირველად ირჩევა ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე ნაკლებ აბიტურიენტს ჭრის და შემდეგ ხდება ვარიანტების ერთმანეთთან შედარება იმისთვის, რომ დადგინდეს, რომელ ვარიანტში უფრო მეტი აბიტურიენტი იჭრება, შემდეგ კი მინიმალური ზღვარი ვარიანტების მიხედვით ნაწილდება.
„ზოგადი უნარების ოფიციალური ბარიერი 24 ქულაა. ჩვენ ვნახულობთ, რომელ ვარიანტში ჭრის 24 ქულა ყველაზე ნაკლებ აბიტურიენტს. იმ ვარიანტზე შემდეგ ვაიგივებთ დანარჩენებს. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მესამე ვარიანტში 24 ქულაზე 12%-ზე მეტ აბიტურიენტს ჭრის. შემდეგ მოვძებნეთ სხვა ვარიანტებში ქულა, რომელიც ამავე რაოდენობის აბიტურიენტებს ჭრის.
„აღმოჩნდა, რომ პირველ და მეოთხე ვარიანტებში 23 არის ის ქულა, რომელიც დაახლოებით იმავე რაოდენობის აბიტურიენტს ჭრის, რამდენსაც 24 ქულა მესამე ვარიანტში. მეორე ვარიანტში ეს 22 ქულა აღმოჩნდა. 22-ზე, რომ არ ჩამოგვეწია ბარიერი და 24 ქულა დაგვეტოვებინა, 17% ჩაიჭრებოდა.
„იდეა არის ის, რომ ჩვენ ვიღებთ ვერსიას, სადაც ყველაზე ნაკლები აბიტურინტი იჭრება 24 ქულაზე და შემდეგ ვაიგივებთ დანარჩენ ვერსიებს და სწორედ ეს არის იდეა ამ გაიგივების; ცალსახად, 24 ქულა აუცილებლად დარჩება რომელიღაცა ერთ ვარიანტში მაინც,“ - განაცხადა სოფო დოლიძემ.