(რეზონანსი) შვედეთში, სტოკჰოლმში პოლიციამ მოკლა 20 წლის ერიკ ტორელი, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქონდა და ქუჩაში სათამაშო თოფით გადაადგილდებოდა.
სამართალდამცველებს ეგონათ, რომ მას ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა.
როგორც ბიჭის მამა, რიკარდ ტორელი ამბობს, ის საღამოს გაუჩინარდა და თან, სათამაშოების ყუთიდან აღებული პლასტმასის თოფი წაიღო.
„გვიან ღამით გამეღვიძა და მისი ძებნა დავიწყე. გარეთ გავედი და ქუჩაში პოლიციის მანქანები დავინახე. სამმა პოლიციელმა მას მუცლის არეში ესროლა" - თქვა ბიჭის მამამ.
ბიჭის დედა პოლიციელებს ადანაშაულებს. მისი თქმით, მათ წესრიგი უნდა დაიცვან, თუმცა, მსგავს შემთხვევებში ადამიანს სასიკვდილო ჭრილობა არ უნდა მიაყენონ და ფეხებში უნდა ესროლონ.
პოლიციელების თქმით, ის მეზობლებს იარაღს უჩვენებდა. მათ კი იფიქრეს, რომ ბიჭი ხალხს იარაღით ემუქრებოდა.
ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე დაიღუპა.