ცხინვალის რეგიონში ინტენსიურად ვრცელდება ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლება აგვისტოში „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე გარკვეულ აქციას გეგმავს, სავარაუდოდ, ტერორისტულ აქტს. ამის შესახებ „რეზონანსს“ მამუკა არეშიძემ განუცხადა.
28 აგვისტოს ცხინვალში დიდი ზეიმით აპირებენ რუსეთის მიერ „დამოუკიდებლობის ცნობის“ მე-10 წლისთავის აღნიშვნას და, არეშიძის თქმით, ეს ჭორებიც ამას უკავშირდება.
„სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ წრეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არ არის გამორიცხული, რომ ქართულმა მხარემ 26-28 აგვისტოს, როდესაც იქნება „დამოუკიდებლობის ცნობის“ 10 წლისთავის ზეიმი, დაგეგმოს აქცია, კერძოდ, ტერორისტული აქტი. ასე ფიქრობენ ისინი.
„მე თუ მკითხავთ, ეს არის სისულელე, რადგან საქართველოს მხარეს არანაირად არ აწყობს ასეთი რამ და არაფერს არ აძლევს. მაგრამ, როგორც ჩანს, სამხრეთ ოსი ძალოვანები ამით მოსკოვის წინაშე იწონებენ თავს, რომ ასეთი საფრთხე არსებობს და ისინი ამ საფრთხის ლიკვიდაციას მოახდენენ“, - აღნიშნა ექსპერტმა.