უკრაინისა და რუსეთის სამართალდამცველებმა შეადგინეს იმ „კანოიერი ქურდების“ სრული სია, რომელიც ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს. როგროც გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტი“ წერს, სიაში სულ 432 „კანონიერი ქურდია“. მათგან 114 ამჟამად სასჯელს იხდის სხვადასხვა დანაშაულისათვის, ხოლო 318 - თავისუფალია.
რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთში მოქმედი „ქურდების“ ერთნიკურ შემადგენლობას, 432 „კანონიერი ქურდიდან“ 242 ქართველია. მეორე ადგილზე ეროვნებით რუსი „ქურდები“ არიან - 51, ხოლო მესამეზე სომხები -30 პირი.
შემდეგ სიაში მოდიან იეზიდები (26), აზერბაიჯანელები (16), აფხაზები (10), ჩეჩნები (8) და ებრაელები (7).
იურისტ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ე.წ კანონიერ ქურდებს შორის კავკასიელები ყოველთვის საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ხოლო რუსეთსა და უკრაინაში მათი ყოფნა, სავარაუდოდ, შედარებითი უფრო რბილი პოლიტიკითაა განპირობებული:
„ზოგადად, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული სტატისტიკურად ცნობილია, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ჭარბობენ კავკასიელები: სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები და ჩრდილოეთ კავკასიელები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიციასავითაა, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია ასეა.
„რთული იქნება იმის თქმა, თუ რატომ არიან მაინც და მაინც რუსეთსა და უკრაინაში. როგორც ჩანს, იქ ნაკლებად დევნიან. საქართველოში უკვე დაახლოებით 10 წელია მოქმედებს კანონი ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ და არცერთ „კანონიერ ქურდს“ არ აჩერებენ ქვეყანაში, შესაძლოა პირდაპირ ციხეში ჩასვან ან დაადეპორტონ - ეს ცნობილი ფაქტია.
„რთულია იმის ახსნა, რატომ მაინც და მაინც რუსეთსა და უკრაინაში, თორემ ე.წ. კანონიერი ქურდები არიან ევროპაშიც, თურქეთშიც და ამერიკაშიც“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.