რეზონანსი
03.08.2018

4 წლის გიორგის სჯერა, რომ დედას სძინავს და მალე გაიღვიძებს. ექიმებს კი პასუხი არ აქვთ, როდის გაიღვიძებს 28 წლის ინგა ბალანჩივაძე. „ბავშვი გათიშულ დედას ელაპარაკება, ლექსებს უკითხავს, კოცნის. ენატრება და ემუდარება მალე გაიღვიძოს“, - ყვება ინგა ბალანჩივაძის მამიდა, მაია ზივზივაძე. 

"ქუთაისი პოსტის" ცნობით, ხონელიძის კლინიკაში ოპერაცია 11 მაისს ჩატარდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოთხი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო პაციენტი. ექიმებმა ოჯახის წევრებს ვითარება მხოლოდ განგაშის ატეხვის შემდეგ გააცნეს.

„არაფერზე გვპასუხობდნენ. უკვე ვხვდებოდით, რომ არ გვქონდა კარგად საქმე. ბოლოს, თავად ქირურმა, ჯანინა აბულაძემ გვითხრა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გოგოს სძინავს და მალე გაიღვიძებსო“, - იხსენებენ ინგა ბალანჩივაძეს ოჯახის წევრები.

წარმატებულად შეფასებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი, ოთხმოცდამეექვსე დღეა, კომატოზურ მდგომარეობაშია. 14 მაისს კი პაციენტი ქუთაისიდან, რეანომობილით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ინგა 44 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა პაციენტის მდგომარეობის კვლევა.

ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისში გაცემულ დასკვნაში ვკითხულობთ: თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრალური ვენების თრომბოზის გამო... სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ოჯახი ინგას მდგომარეობის გაუარესება ექიმ-ანესთეზიოლოგის და ანესთეზიოლოგის ექთნების უყურადღებობის შედეგია. იკვეთება თუ არა სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×