"მთელ მოსახლეობაში საშუალო ფენა არის 1%, რეალურად კი ისიც არაა"
თამარ მუკბანიანი
04.08.2018

 საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი - ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი. მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებასთან ერთად, ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, ქრება. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ამ ტერმინში რომელი ფენაც მოიაზრება, იმ სოციალური ჯგუფის ადამიანები ახლაც არ არსებობენ ქვეყანაში.

მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოში მოსახლეობის 32% დღეს ღარიბია და დღეში 2.5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს; კიდევ 37% ზომიერად ღარიბია და ჭამა-სმაზე, ჩაცმაზე, კომუნალურ ხარჯებზე, ბავშვების განათლებასა და მედიკამენტებზე დღიურად 5 დოლარს უნდა დასჯერდეს; დანარჩენი 24% მოწყვლად ჯგუფშია. ასე რომ, გამოდის, საშუალო ფენის ხვედრითი წილი საქართველოში დღეს 7%-ს არ აღემატება.

გაღარიბებისა და საშუალო კატეგორიის გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის მკვეთრად შემცირება და საკრედიტო მომსახურების წილის მკვეთრი ზრდაა. ამან უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.

ის, რომ სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება და მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, ეკონომისტებისთვის კარგად ნაცნობი თემაა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს კრიტერიუმი, რომლითაც საშუალო ფენას დაითვლი, უცხო ქვეყნის კრიტერიუმები კი ზედმეტად მაღალია ქართული რეალობის გათვალისწინებით.

"ჩვენთან საშუალო ფენა, მდიდრებსა და დაბალშემოსავლიანებს თუ გამოვრიცხავთ, სტატისტიკურად, მცირე არ უნდა იყოს. ღარიბთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 22%-მდეა, შემწეობის მიმღებთა კატეგორიაც არ არის 10-15%-ზე მეტი, ამიტომ დანარჩენი მოსახლეობა, დაახლოებით 60%, სტატისტიკურად შეიძლება მივაკუთვნოთ საშუალო ფენას, მაგრამ ეს წმინდა მათემატიკური გათვლით, რაც რეალობისგან ძალიან შორსაა. თანამედროვე სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მათი რიცხვი 15-18%-ზე მეტი არ არის. თანაც, დიდია რისკი, რომ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ღარიბთა და ღატაკთა რიგებში აღმოჩნდეს.

მსოფლიო ბანკის ახალი მონაცემებით, ღარიბად ითვლება ადამიანი, რომლის მოხმარებაც შეადგენს დაახლოებით 1.9 დოლარს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. ჩვენთან აბსოლუტურად სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე. საგულისხმოა, რომ საქართველოში მოსახლეობის დიფერენცირება, შემოსავლების მიხედვით, საგრძნობლად მაღალია. თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი პრობლემა, რისკი და გამოწვევა ახლავს. მიზეზთა გამო შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა.

რამდენია საშუალო ფენა საქართველოში, ამის თქმა ძალიან რთულია რეალურად, რადგან მისი მდგენი ზუსტი ინდიკატორები და პარამეტრები, სამწუხაროდ, არ გვაქვს. სტანდარტები კი, რომლებიც ევროპულ ქვეყნებშია, ჩვენთან ნამდვილად არ გამოდგება. არაერთხელ მომიყვანია მაგალითი, რომ იქ შემოსავალი დაახლოებით 18-ჯერ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, ადამიანი საშუალო ფენას რომ მიეკუთვნოს.

ფაქტია, რომ მსოფლიოში მიღებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ღარიბთა და მდიდართა თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს ათჯერად სხვაობას, ჩვენთან 20-ჯერ მეტია, რაც თავისთავად ქმნის სოციალური დაძაბულობის ფონს", - აცხადებს "რეზონანსთან" არჩვაძე.

კიდევ უფრო მძიმე სურათს ხატავს ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია. ის ამბობს, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის 1%-ია საშუალო ფენა, რეალურად კი ასეთი ჯგუფი საქართველოში არც არსებობს.

"საქართველოში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არც გვყავს. საშუალო ფენა ნიშნავს არც მდიდარი, მაგრამ არც ღარიბი ოჯახების გარკვეულ ოდენობას, საქართველოში კი ასეთი თითქმის არ არის.

დღეს დასაქმებულთა უმრავლესობას ხელფასი აქვს "საქსტატის" გამოთვლილი საშუალო 1040 ლარზე ნაკლები. რასაც ოფიციალური მონაცემები გვეუბნება, ესეც დაბალია საშუალო ფენისთვის, მაგრამ დავუშვათ, ადამიანს მართლაც აქვს 1040 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ მის კისერზეა ოჯახში სხვა წევრების უზრუნველყოფაც, მისი ხელფასი რამდენიმე ადამიანს ხმარდება და იმდენჯერ მცირდება, რამდენი ოჯახის წევრიც ჰყავს სარჩენი. მოგეხსენებათ, საქართველოში, სამწუხაროდ, ცოტაა ოჯახები, სადაც ერთზე მეტი დასაქმებულია, უმუშევარი კი - რამდენიც გინდათ.

ასე რომ, ადამიანს როდესაც აქვს თუნდაც 2000 ლარი და ინახავს მთელ ოჯახს, არ ნიშნავს, რომ არის საშუალო ფენის წარმომადგენელი. სულ ის კატეგორია, რომელსაც 3000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, არის დაახლოებით 32 000. მთელ მოსახლეობასთან თანაფარდობაში ეს გამოდის 1%-ზე ნაკლები. ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის 1%-ია საშუალო ფენა, რეალურად კი ასეთი კატეგორია საერთოდაც არ გვყავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" ვახტანგ ჭარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×