ელზა პაპოშვილი
04.08.2018

 12 ივლისს სასტიკად მოკლულ 22 წლის გევორქ სარქისიანის მკვლელობაში ბრალდებული ერიკ მხითარიანი დამალვას აფხაზეთში აპირებდა და ე.წ. კანონიერი ქურდების დახმარებით ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაეტოვებინა. მას მიმალვასა და ოკუპირეებულ აფხაზეთში გადასვლაში, გამოძიების მიხედვით, სამი პირი ეხმარებოდა. ერთ-ერთი მათგანი წალენჯიხის რაიონის საკრებულოს თანამშრომელია.

პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილი დააკავა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ედავება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

22 წლის გევორქ სარქისიანი თბილისში, ელიას უბანში, ჟონეთის ქუჩაზე 12 ივლისს მოკლეს. ქართული მედიის ინფორმაციით, მკვლელობამდე სარქისიანს 15-მდე ახალგაზრდა მამაკაცთან დაპირისპირება მოუვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბში სარქისიანს დანით 22 ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა "რეზონანსთან" მკვლელობის მოტივზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთი თვის წინ დაიწყო.

შელაპარაკება ახალგაზრდებს შორის მათ საცხოვრებელ სახლთან უმისამართო სროლის გამო მოხდა. მისმა შვილმა, ერიკ მხითარიანმა, მოკლულ გეორგ სარქისიანს, ჰაერში გახსნილი ცეცხლის გამო, მეზობლებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ გარდაცვლილმა მის შვილს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მკვლელობის მოტივიც. მისი თქმით, მოკლული ხშირად მონაწილეობდა ინტერნეტგარჩევაში, რომელიც სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში ხდებოდა.

პოლიციის ცნობით, მკვლელობის შემდეგ მხითარიანი წალენჯიხაში ჩავიდა და 2 დღის განმავლობაში სწორედ ადგილობრივი საკრებულოს თანამშრომლის სახლში იმალებოდა. იგი სწორედ იქიდან აპირებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაპარვას. მოგვიანებით პოლიციამ მხითარიანი მესტიაში დააკავა.

რამდენად ხშირია მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქართული პოლიციის მიერ ძებნილი კრიმინალების გაქცევა აფხაზეთში და როგორ ახერხებენ ისინი რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ასე თავისუფლად გადასვლას? კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აფხაზეთში ძალიან ბევრი ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობს, რომლებიც ქართველ კრიმინალებს აფხაზეთში გადასვლაში ეხმარებიან.

მისი თქმით, არსებობს ე.წ. გალის საძმო, რომლებსაც ვერც რუსები და ვერც აფხაზები ვერ ეკარებიან. თუ საქართველოში ძებნილმა პირმა შეძლო და ამ დაჯგუფებას დაუკავშირდა, მას საძმოს დახმარებით შეუძლია, ენგურის ხიდი სრულიად უპრობლემოდ გადალახოს.

არეშიძე ამბობს, რომ, ამის გარდა, არსებობს აფხაზეთში გადასასვლელი სპეციალური ბილიკები და ე.წ. შავი ხვრელი, რომელსაც თავად ქართველები იყენებენ იმისთვის, რომ ფულის სანაცვლოდ პოლიციისგან დევნილი ადამიანები ე.წ. საზღვარზე გადაიყვანონ.

"აფხაზეთში ძალიან ცნობილები არიან გალელი კრიმინალები. დასავლეთიდან ჩასული ქართველი კრიმინალები მათთან თავს აფარებენ და აფხაზეთში მათი დახმარებით გადასვლაც არ უჭირთ. ამას არ აქვს სისტემური სახე, ეს ხდება საჭიროების მიხედვით, როდის ვისი გადაყვანაა საჭირო.

"არ არის აუცილებელი, ენგურის ხიდიდან გადახვიდე. იქ არის გადასასვლელები, ე.წ. ბილიკები, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივებსაც კი შეუძლიათ გადაყვანა. ვინც იმ ადგილებს კარგად იცნობს, სულ თავისუფლად გადადის და გადმოდის", - აცხადებს არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მას არ აქვს სტატისტიკა, ბოლო წლების განმავლობაში რამდენმა ადამიანმა შეძლო აფხაზეთში გაქცევით ქართული სამართალისთვის თავი აერიდებინა, თუმცა აცხადებს, რომ ენგურის ხიდის მეშვეობითაც არ არის რთული ე.წ. საზღვრის კვეთა.

ზაქარეიშვილის თქმით, ქართველები, რომლებიც გალში ცხოვრობენ, ძალიან ადვილად და უპრობლემოდ ახერხებენ ტერიტორიის გადაკვეთას.

"რა თქმა უნდა, უკვე წლებია, რომ აფხაზები და რუსები ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ ადამიანს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში ყველანაირი შემოწმების გარეშე უშვებენ. არსებობს დიდი კორუფცია, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ.

"სამწუხაროდ, ჩვენებს ამ პერიმეტრის კონტროლი უჭირთ. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ბილიკები, რომელთა კონტროლიც თავად აფხაზებსაც უჭირთ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები თავს ხშირად აფხაზეთში აფარებენ. მათ აფხაზ კრიმინალებთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები აქვთ და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. ასევე თავად ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდანაც შესვლას კარგად ახერხებენ", - აცხადებს "რეზონანსთან" ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×