პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 3 აგვისტოს სხდომაზე კომისიის წევრების წინაშე წარსდგნენ შს მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში დასრულდა. კომისიის წევრებს მასთან მხოლოდ ერთ კითხვა აღმოაჩნდათ.
სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ეს იმით ახსნა, რომ თეა წულუკიანთან მთავარი კითხვა, რომელიც კომისიის წევრებს ჰქონდათ, შოთაძის გადადგომის შეფასებას ეხებოდა:
"თეა წულუკიანთან გვქონდა მთავარი კითხვა, რომელიც ეხებოდა შოთაძის მოღვაწეობისა და მისი გადადგომის შეფასებას. მაშინ თეა წულუკიანმა შეაქო ბატონი შოთაძე და არ დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას, რომ გადამდგარიყო. იმის მერე, რაც შოთაძე გადადგა, დადგინდა ძალიან ბევრი ახალი გარემოება, მათ შორის - მთელი რიგი მოქმედებებისა, რომლებიც არ ჩატარებულა, კონკრეტული ფაქტები, რომლებიც, მათ შორის - ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა და, შესაბამისად, წულუკიანის მიმართ ჩვენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - ამ ყველაფერისდა მიუხედავად, ისევ თვლიდა თუ არა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. მან ეს დაადასტურა. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა მათ შორის თვითონაც აიღო და, აქედან გამომდინარე, სხვა კითხვები ჩვენ მასთან არ გვქონია", - აღნიშნა კაპანაძემ.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის მუშაობა არაბუნებრივობის შთაბეჭდილებას ტოვებს და კომისიის წევრები ორი მიზეზის გამო ვერ ახერხებენ საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულებას.
"ამ კომისიის მუშაობა ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს და რაღაც სპეკულაციებში გადადის. გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელ ჯგუფს პოლიტიკური ამოცანები აქვს ამ კომისიასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად კარგად ვერ გამოსდის.
"მოვალეობის შესრულება მათ ორი მიზეზის გამო არ გამოსდით. ჯერ ერთი, როგორც ჩანს, მისადავებელი იმდენი არ არის, რამდენის მოლოდინიც ჰქონდათ და ახლა ცდილობენ, რომ ჩამჭრელი კითხვები დასვან. ფაქტობრივად, გამოცდებს უწყობენ ჩინოვნიკებს.
"მეორე მიზეზი არის ის, რომ მათი მხრიდან ამ ტიპის გამოძიების ინიცირება საერთოდ ძალიან ყალბია იმიტომ, რომ თუ ჩვენ აქ გვაქვს სახელისუფლებო, სისტემურ ძალადობაზე საუბარი და ამის გამოძიება უნდათ, ძალადობრივი სისტემის საფუძვლებთან დგანან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ცდილობენ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გაასამართლონ. ასე რომ, ეს არის უხეირო სპექტაკლი", -განაცხადა გია ხუხაშვილმა.
"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის დაკითხვის ასე წარმართვა მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის გამოკვეთა საკმაოდ რთულია.
"მოდით, ასე ვთქვათ - თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის გამოკვეთა ფორმალური სამართლის გაგებით აქ რთულია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ის არც საგამოძიებო სტრუქტურებთან და არც სასამართლო სისტემასთან პირდაპირ დგომაში არ არის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კომისია, ჯერჯერობით მაინც, ცდილობს, გამოძიების კეისზე მოახდინოს კონცენტრირება.
"კი, ბატონო, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს საუბარი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. შესაძლოა, რომ სხვა მიზეზიც იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, გახარია საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და, ფაქტობრივად, კომისიის პოლიტიკური ამოცანების დიდი ნაწილი წყალში გადაუყარა", - ამბობს ხუხაშვილი.