ია აბულაშვილი
04.08.2018

 რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში, ეყოლება თუ არა თავისი კანდიდატი თუ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს - როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ამ თემაზე გუნდში პოზიციები გამოკვეთილი არ არის.

როგორც "რეზონანსთან" უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რა ფორმით ჩაერთვება "ოცნება" ამ არჩევნებში, ამ საკითხზე შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

უმრავლესობის წევრ აკაკი ზოიძის თქმით, გარკვეული ჯგუფები ამ თემაზე მუშაობენ. "ოცნების" მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ იზიარებს პარტიის თავმჯდომარის არგუმენტებს.

კულუარული ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გარკვეული დაპირისპრებაა, თუმცა მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის მზადაა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში შიდა დაპირისპირება მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა მინიშნებები არის.

"უმრავლესობაში ძირითადად დაპირისპირება გარკვეულ ჯგუფებს შორის მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, ვინ შეინარჩუნებს ადგილს პარლამენტში 2020 წლის არჩევნებში, ანუ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ძალაუფლების გავლენის მოპოვებას.

"ამ ეტაპზე შიდა დაპირისპირებას შეიძლება, ამძაფრებს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ალბათ მოილაპარაკებენ, რომ ურთიერთობა არ გაამწვავონ - "არც შენი და არც ჩემი!" - ამ პრინციპით შეირჩეს ნეიტრალური კანდიდატი.

"ალბათ, ნეიტრალურ ფიგურად მოიაზრება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც "ოცნების" არც ერთი დაჯგუფებისთვის პოლიტიკურად სახიფათო არ იქნება. თანაც მას არ ექნება პოლიტიკური საყრდენი და ამ პოსტიდან პოლიტიკური ქულების დაგროვებას არ დაიწყებს. იქნებიან მშვიდად. დანარჩენს ალბათ ბიძინა ივანიშვილთან მოაგვარებენ.

"არის მეორე, შუალედური ვარიანტიც - "ოცნებას" უნდა ეს გადაწყვეტილება ის გაყიდოს, თითქოს მას ხელისუფლების ყველა შტოში არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი. მაგრამ რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან ამას შეიძლება, მძაფრი განწყობები მოჰყვეს ქვეყნის შიგნით", - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სოსო ცინცაძე კი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ დააზიანებს "ოცნების" იმიჯს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.

"ეს იქნება "ოცნების" მხრიდან ტყუილი, რომლის დაფარვა ან გამართლება შეუძლებელია. საქართველოში ვერავის დააჯერებ ზურაბიშვილის "დამოუკიდებლობაში", ამისი თავად მმართველ გუნდშიც არ სჯერათ. რეპუტაციული თვალსაზრისით, ეს არის მთავარი ფაქტორი - სიცრუე.

"მეორე ის გახლავთ, რომ ზურაბიშვილი არანაირი განზომილებით, მით უმეტეს - საქართველოს წინაშე დამსახურებით, არ იმსახურებს არათუ პრეზიდენტობას, არამედ რომელიმე პროვინციული ქალაქის მუნიციპალიტეტის წევრობასაც კი.

"ამ დღეებში მოვისმინე ზღაპარი იმის თაობაზე, რომ თითიქოს მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა. 1999 წლიდან არცთუ ისე დიდი დროა გასული, რომ ერთმანეთში აგვერიოს ზურაბიშვილი და აშშ-ის პრეზიდენტი კლინტონი, ვისი პირადი დამსახურებითაც სტამბოლის სამიტზე გაცოფებულ ელცინს ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე ბაზების გაყვანის თაობაზე.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზურაბიშვილის "გამარჯვება" საპრეზიდენტო არჩევნებში უპრეცედენტო დონის რესურსებსა და გაყალბებას მოითხოვს, რაც ნამდვილად აქტივში არ ჩაეთვლება მმართველ პარტიას.

"ცხადია, ოპოზიცია ჩუმად არ შეხვდება საქართველოს არჩევნებისთვისაც კი ასეთ კაზუსს და ამას ბუნებრივად მოჰყვება აქტიური მოსახლეობის პროტესტი, ხოლო პასიური მოსახლოების - იმედგაცრუების ახალი ტალღა. ყველაფერი ამის შემდეგ მე არ მაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე - რაში სჭირდება ყველაფერი ეს მმართველ პარტიას", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×