ია აბულაშვილი
04.08.2018

 პრეტენდენტთა რაოდენობით, მათი პოლიტიკური წონისა და წინასაარჩევნო პოლიტიკური კონფიგურაციის გათვალისწინებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება - ასეთ შეფასებას აკეთებენ ექსპერტები. იზიარებს თუ არა ამ მოსაზრებას და გამარჯვების რა შანსები აქვთ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.

"რეზონანსი": "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევების თანახმად, მოსახლეობის განწყობა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მასში მონაწილე კანდიდატებთან დაავშირებით ცნობილია, "ქართული ოცნების" კანდიდატს მოსახლეობის 15% მისცემს ხმას, "ნაცმოძრაობას" - 10%, მარგველაშვილს - 6%, ბაქრაძეს - 6%, ნათელაშვილს - 4% და ა.შ. რაზე მეტყველებს ეს ციფრები?

რამაზ საყვარელიძე: "ეროვნულ დემოკრტიული ინსტიტუტის" კვლევებთან დაკავშირებით სერიოზული დამოკიდებულება არ მაქვს, ზოგადად, როგორ ტარდება, ეს ჩემთვის გაუგებარია. ხშირად მათი შეცდომები რაღაცნაირად "ნაცმოძრაობის" ინტერესებს ემთხვევა.

ამ შემთხვევაშიც ანალოგიური სურათი გვაქვს. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული კვლევებით, "ოცნებას" მოსახლეობის 20% უჭერდა მხარს, საპრეზიდენტო არჩევნებში 12% უჭერს მხარს, რაც სრულიად გაუგებარია, რით არის გამოწვეული ეს განსხვავება. არალოგიკურია, რადგან, ვინც ერთ პასუხს იძლევა, ის იძლევა მეორე პასუხსაც.

ჩემი აზრით, ინტერესი არის ის, რომ საზოგადოებაში შეიქმნას აზრი - ეს ორი პარტია ერთი რეიტინგისაა. ამავდროულად, გაუგებარია ისიც, თუ კანდიდატები ჯერ დასახელებელი არ არის, რას იკვლევენ, რადგან კანდიდატებს დიდი მნიშვნელობა აქვთ.

"რ": მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღი უკვე დაინიშნა, გარდა "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი", ოფიციალურად კანდიდატები სხვა პოლიტიკურ ძალებს არ წამოუყენებიათ, მათ შორის - არც მმართველ გუნდს. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი არ აპირებს თავისი კანდიდატის დასახელებას და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს...

რ.ს.: ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მინდა, უცხოელების მხრიდან მეტი მხარდაჭერა გვქონდესო. უცხოელებისთვის იყო ნათქვამი თუ თავისი პარტიისთვის, კიდევ საკითხავია ეს არდაყენება.

თუ "ქართული ოცნება" თავის კანდიდატს არ დააყენებს, ეს იქნება (ძალაუფლების) მონოპოლიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ე.ი. ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, მხარს არ უჭერს ამ მონოპოზიცაზიას. მან ნახა, რომ ამგვარი მხარდაჭერის შემდეგ იმედგაცრუებები ბევრი იყო. ალბათ ეცდება, რომ სამომავლოდ გაუფრთხილდეს თავის იმიჯს და არც "ქართული ოცნების" წევრებისთვის არ იყოს გარანტია, რომ ივანიშვილი ყოველთვის გადაეფარება თავისი პარტიის წევრებს.

"რ": ამ არდაყენების ფონზე როგორ გამოიყურება დამოუკიდებელი კანდიდატის, ანუ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა? ოპოზიციაც და ექსპერტებიც ეჭვის თვალით უყურებენ სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობას...

რ.ს.: მხარდაჭერა ალბათ იქნება, მაგრამ მხარდაჭერილი იქნება მართული? თანაც ისეთი სტილის პოლიტიკოსი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია? ამიტომ, ამ ფონზე დრამატულად აღქმა იმისა, რომ ეს მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი მართული იქნება, ჩემი აზრით, სწორი არ არის.

თუ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიას დავაკვირდებით, ის პრაქტიკულად არ იყო დამყოლი ფიგურა არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს და არც შემდეგ ეტაპზე. ანუ, ლაპარაკი იმაზე, რომ ზურაბიშვილი, მისი პოლიტიკური სტილიდან გამომდინარე, ვინმეს სურვილის ავტომატური შემსრულებელი იქნება, გადაჭარბებულია.

"რ": მარგველაშვილი-უსუფაშვილის ტანდემი ვერ შედგა, თუმცა შეიძლება, უსუფაშვილმაც და მარგველაშვილმაც ცალ-ცალკე იყარონ კენჭი ამ არჩევნებში...

რ.ს.: ცალ-ცალკე რომ იყარონ კენჭი, ორივეს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე - ერთად, რადაგან ერთის ამომრჩეველმა შეიძლება, მეორეს არ მისცეს ხმა. თანაც, ჩვენს საზოგადოებას პარტიული ფიგურები არ უყვარს.

"რ": სხვა კანდიდატებს რა შანსები აქვთ?

რ.ს.: ბაქრაძიდან დაწყებული, ყველა სხვა კანდიდატს დაბალი შანსები აქვთ. არც ერთს არ აქვს ის რესურსი, რომ ეს არჩევნები მოუგოს მმართველ გუნდს ან მის მხარდაჭერილ კანდიდატს.

"რ": ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომას სასამართლოში არსებულ "გავლენიან ჯგუფებს" უკავშირებს. თქვენც ასე ფიქრობთ?

რ.ს.: ძალიან გაუაზრებელი ნაბიჯი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მხრიდან, ოღონდ შიგნით რა პროცესები იყო, არ ვიცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×