საქართველოში კორეის რესპუბლიკის (სამხრეთი კორეა) დიპლომატიური მისიის პირველი ხელმძღვანელი კიმ ინ ჰამი თბილისში 3 წლის მუშაობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი, ვინც მანამდე 10 ქვეყანაშია ნამუშევარი, ამბობს, რომ, ცოტა არ იყოს, უჭირს ჩვენი ქვეყნის დატოვება, სადაც 3 წლის განმავლობაში მუშაობდა და საქართველო ძალიან შეუყვარდა. მან ჯერ თავადაც არ იცის, რომელ ქვეყანაში გააგრძელებს მოღვაწეობას.
კითხვაზე, ყველაზე მეტად რა მოენატრება, პასუხობს, რომ ორი რამ - სულგუნი და "ბორჯომი".
"კი, მე ვიცი, რომ ქართველები ბევრი რამით ამაყობენ და ამის საფუძველიც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მე, პირველ რიგში, საქართველოში ადამიანებთან ურთიერთობა მომენატრება. თუმცა, თუ საგნებზეა საუბარი, ყველაზე მეტად ორ რამესთან განშორება იქნება ჩემთვის ძნელი - ესაა სულგუნი და "ბორჯომი". საიდუმლოდ იმასაც გეტყვით, რომ 500 ბოთლი "ბორჯომი" მიმაქვს აქედან", - გვითხრა კიმ ინ ჰამმა.
ცოტა უცნაურია, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოსა და კორეას შორის ბევრი მსგავსება არსებობს - ორივე ქვეყანა ღარიბია რესურსებით, მაგრამ მდიდარია ადამიანური კაპიტალით.
"შრომა კორეელი ხალხის მთავარი რესურსია. ჩვენ ბავშვობიდანვე გვაჩვევდნენ შრომას. ოთხ ძმასა და ორ დასთან ერთად ვიზრდებოდი. გასაგებია ხომ, რამდენი შრომა უწევდა მამაჩემს, ოჯახი რომ გამოეკვება? ეს სრულებითაც არ იყო იოლი საქმე. ამიტომ მეც ბავშვობიდანვე მივეჩვიე შრომას, მაგალითად, ახალგაზრდობისას 7 საათზე ვდგებოდი ხოლმე შაბათობით, ქუჩა რომ დამესუფთავებინა", - იხსენებს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში (ეს მისი ოფიციალური სტატუსია).
ამბობს, რომ ძალიან სწორი იყო სეულის გადაწყვეტილება თბილისში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ აზიის ბევრი ქვეყანა კავკასიის რეგიონს ერთგვარად უგულებელყოფს, რადგან არ მიაჩნია საჭიროდ აქ დიპლომატების გამოგზავნა, რაც ბ-ნ კიმ ინ ჰამს შეცდომად მიაჩნია.
"ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ წვეულებაზე ინდონეზიელ დიპლომატებს შევხვდი და ვურჩიე საქართველოში საელჩოს გახსნა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, ინდონეზია ამ შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. არ ვიცი, ეს როგორ გადაწყდება, მაგრამ მე ჩემი აქაური გამოცდილება გავუზიარე".
სიამაყით ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში კორეელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში რადიკალურად გაიზარდა და ამ მაჩვენებლით იაპონიასაც კი გადაუსწრო.
"კორეელი ხალხი ნელ-ნელა იცნობს საქართველოს, ქართველი ხალხი კი - კორეას. ტურიზმი კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, შარშან ჩვენ აზიის ქვეყნებში მეორე ადგილზე გავედით, ჩინეთის შემდეგ, გავუსწარით რა იაპონიას. მარტო შარშან სამი პირდაპირი ჩარტერული რეისის განხორციელება გახდა საჭირო, იმდენად დიდი იყო ტურისტების რაოდენობა. და ეს რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება - შარშან კორეიდან 7 500 ტურისტი ჩამოვიდა, წელს კი უკვე - 8 500".
მაგრამ ამბობს, რომ შეშფოთებულია კრიმინალით, რაც ამ ინდუსტრიას საფრთხეს უქმნის - "ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ამ სფეროზე".
კითხვაზე, ხშირია თუ არა ასეთი ფაქტები, პასუხობს, რომ მართალია, ხშირი არ არის, მაგრამ ერთეულმა შემთხვევებმაც კი შეიძლება, სერიოზულად დააზარალოს ბიზნესი.
"მაგალითად, წლევანდელ სეზონზეც მოხდა ერთი ასეთი ფაქტი. მე არ მსურს დეტალებზე საუბარი, არც იმას ვიტყვი, რომელ სოფელში მოხდა ეს. აქ მთავარი ისაა, რომ მთავრობამ ამ კუთხით ცოტა მეტი უნდა იაქტიუროს. როცა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, აქ მარტო ინფრასტრუქტურა კი არ იგულისხმება, არამედ - უსაფთრხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ამგვარმა ფაქტებმა შეიძლება გადაწონოს ისეთი გარემოებები, როგორებიცაა ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, სტუმართმოყვარეობა, დიდებული პეიზაჟები, კულტურული ძეგლები და ა.შ. მე მესმის, რომ ძალიან ძნელია, და შეუძლებელიც კი, 100%-ის დაცვა, მაგრამ მეტი ყურადღება რომ საჭიროა, ეს ფაქტია, მით უმეტეს, ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს".
ამბობს, რომ გამოძიებისა და, საერთოდ, პოლიციის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს და, პირიქით, მადლიერიცაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ შედეგი არ არის.
რაც შეეხება ეკონომიკას, მისი თქმით, აქ კორეის უმნიშვნელოვანესი პროექტი არის ნენსკრას მშენებარე ჰესი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი უნდა იყოს და მისი ინვესტორია კორეის წყლის რესურსების კორპორაცია. ჯამში ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია, თუმცა დიპმისიის ხელმძღვანელი წუხს, რომ ამ პროექტს ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს.
"მე იქ ვიყავი გასულ თვეს და, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ის უარყოფითი დამოკიდებულება, რითაც ამ პროექტს საზოგადოების ერთი ნაწილი ხვდება. ახლა ამაზე არ მინდა ძალიან დეტალებში საუბარი, მაგრამ აბსოლუტური დეზინფორმაციის ხასიათი ჰქონდა სვანეთის წყალდიდობის დროს აქა-იქ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ეს უბედურება ჰესის მშენებლობას უკავშირდება, თუმცა ეს ნორმალურია. ჩვენთან, კორეაშიც, როცა მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება ხოლმე, ის ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის 100%-იან წინააღმდეგობას აწყდება.
"თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რამ მიუღებელია. მაგალითად, 3 თვის წინ ვიღაცამ იმ ბანაკს, სადაც მშენებლები ცხოვრობდნენ, უმისამართოდ აკმ-იდან ("კალაშნიკოვის" ავტომატი - რედ.) ესროლა. არავინ დაშავებულა, მაგრამ იტალიურმა კომპანიამ, რომელიც მშენებლობას აწარმოებდა, სამუშაო შეწყვიტა.
"მე მგონია, რომ აქ უფრო დაბეჯითებით არის საინფორმაციო კამპანიის წარმოება საჭირო, რათა ხალხი, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობა დაარწმუნონ, რა სარგებელს მოუტანს მათ და მათ ოჯახებს ეს წამოწყება. ამ მხრივ მიმაჩნია, რომ უნდა იაქტიუროს როგორც კორეულმა მხარემ, ასევე - საქართველოს მთავრობამაც", - ამბობს კიმ ინ ჰამი.