ირანში ანტისამთავრობო პროტესტის ახალი ტალღა აგორდა. დემონსტრაციებზე, რომლებიც მიმდინარე დღეებში 10 ქალაქს მოედო, მთავრობისა და ირანის სულიერი ლიდერების საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებენ. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა.
საპროტესტო გამოსვლები ირანში 31 ივლისს დაიწყო. 1 თვის წინ მიმდინარე აქციების მსგავსად, უკმაყოფილო მოქალაქეები ამჯამადაც ეროვნული ვალუტის (რიალის) რეკორდულ ვარდნას, ინფლაციასა და უმუშევრობას აპროტესტებდნენ. თუმცა, პროცესებმა მალე ანტისამთავრობო შინაარსი შეიძინა. გამოსვლები დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, ისფაჰანში, შირაზსა და ქარაჟში მიმდინარეობს.
რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებს პოლიცია დაუპირისპირდა. რადიო “თავისუფლების” სპარსული სამსახურის ცნობით, ძალოვნებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. საპასუხოდ, მოქალაქეები ნაგვის ურნებსა და სხვა საგნებს წვავენ. ქალაქ ქარაჟში მათ პოლიციის მოტოციკლი ცეცხლში გახვიეს.