“მურმან დუმბაძის შემდეგ გრიგოლ ვაშაძის გუნდს “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ყოფილი წევრი, მედეა ვასაძე შეუერთდა. როგორც მან ხულოში, გასვლით შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყანა კიდევ ერთხელ არის გადასარჩენი.
დუმბაძე-ვასაძის უახლესი პოლიტიკური წარსული 3 საქმიანობას ითვლის, 2012 წელს ისინი "ქართული ოცნების" სიით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იყვნენ, თუმცა 2014 წელს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და იმდროინდელი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, დუმბაძე მათი რიგებიდან გარიცხეს, ხოლო ვასაძეს მკაცრი გაფრთხილება მისცეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მურმან დუმბაძის საქმიანობა და მისი ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა.
"ქართული ოცნების" შემდეგ იყო კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია "ბედნიერი საქართველო", თუმცა იმის გამო, რომ ჩერნოვეცკიმ მოულოდნელად პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი განაცხადა, დუმბაძე-ვასაძის ტანდემი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაიწყო ახალი პოლიტიკური თავშესაფრის ძიება. მათი მორიგი ნავსაყუდელი გრიგოლ ვაშაძე და მისი ლოკომოტივი ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა.