ნაწლავური ინფექციით, რომელიც შემდეგ თირკმლის გართულებებსაც იწვევს, საქართველოში ამ სეზონზე 45 პაციენტი დაავადდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის პაატა იმნაძის ინფორმაციით, მსგავსი ნაწლავური ინფექციები ზაფხულში აქტიურდება.
მსგავსი ტიპის ნაწლავური ჩხირები 2009-11 წლებში ფიქსირდებოდა. წელს კი, მსგავსი გართულებები სხვა ქვეყნებიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად ჩასულ ბავშვებში გამოვლინდა.
„აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ბავშვებს ხელები სველი ხელსახოცებით დავუმუშავოთ და ნებისმიერი სახის საკვებთან ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიღებთ თერმული დამუშავების გარეშე, კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე სუფთა წყლით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, გართულებების დაფიქსირებისთანავე მოქალაქემ ექიმს უნდა მიმართოს. „ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს რისკი. ამიტომ ამას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება“, — აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, სოფლებში მსგავსი ინფექციების გამომწვევი ჩხირების წყალში, ხილსა და ბოსტნეულში მოხვედრის დიდი ალბათობაა, ამიტომაც აუცილებელია, საკვები პროდუქტები კარგად, გამდინარე წყალში გაირეცხოს.