წერეთლის გამზირზე, „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, პატრულის თანამშრომელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი წერეთლის გამზირზე, გვიან ღამით პატრულირების დროს, „დინამო-არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა რ.შ. და თ.ძ. არ დაემორჩილნენ პატრულ-ინსპექტორების - ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება რ. შ. და თ. ძ. მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 - ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.