დიღმის ტყე-პარკში მასშტაბურ მშენებლობას დიღმის გამწვანებულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ანაგი“ გეგმავს. კომპანია, დიღმის ტყე-პარკის გზისპირა ზოლის გარდა, ფლობს ნაკვეთს უშუალოდ ტყეში. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ახალი მრავალფუნქციური შენობა დიღმის ტრასაზე „კია მოტორსის“ ადგილზე და მის მიმდებარედ აშენდება.
მერიამ პარკის გზისპირა ზოლისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის შენარჩუნებაზე საუბარი, დაახლოებით, 2-3 თვის წინ დაიწყო. იმ პერიოდში გენგეგმის პირველადი ვარიანტის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკს განაპირა ზოლთან ერთად, ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი უნდა ჰქონოდა, რაც იქ ყველანაირ ახალ მშენებლობას კრძალავდა.
თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ მრავალფუნქციური დარბაზი და ორანჟერეას ახალი შენობა უფრო შესაფერისი იქნება ტყე-პარკისთვის. არადა,ტერიტორია 2006 წლიდან სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსს ფლობს და იქ რაიმე დამატებითი მშენებლობა დაუშვებელია.