(რეზონანსი) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტები პარიზში გადაასვენეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მედიის ინფრომაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ცხედრებს 5 აგვისტოს უკვე მოსკოვში გადაასვენებენ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო 31 ივლისს მოკლეს, მათი მძღოლი თავდასხმას გადაურჩა.
2 აგვისტოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანჟმაქსიმ კაზაგიმ განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტები ავტომობილის ქურდობის მცდელობის დროს მოკლეს.
რუსული ტელეარხები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტის, ოპერატორისა და რეჟისორის მკვლელობის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში არ ახსენებენ მიზეზს, რის გამოც ისინი ცენტრალურ აფრიკაში ჩავიდნენ. საუბარია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" შესახებ, რომელზეც რუსი ჟურნალისტები ფილმს ამზადებდნენ.
"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო კომპანიაა, რომლის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კონფლიქტის ზონებში საომარ მოქმედებებში, კონტრაქტების საფუძველზე მონაწილეობენ. მათ შორის წარმოდგენილები არიან სირიის ომში, ასევე საბრძოლო მოქმედებებში იყვნენ ჩართული და სეპარატისტების გვერდით იბრძოდნენ უკრაინაში, დონბასში.