კერძო პირები თუ ორგანიზაციები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს დახმარებას ჰპირდებიან, თუმცა ხშირად სამსახურის მაძიებელი ფულსაც კარგავს და დასაქმების შანსსაც. ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯნაძე ამბობს, რომ ბოლო დროს ორგანიზაციას უამრავმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც სამუშაოდ კანადაში, ამერიკაში, საბერძეთში, ისრაელში თუ იტალიაში აპირებდნენ წასვლას. ამ ადამიანებმა საზღვარგარეთ წასვლაში 2500 ევროდან დაწყებული, 14 000 დოლარამდე თანხა გადაიხადეს, თუმცა მოტყუებულები დარჩნენ და ვერც გადახდილი თანხა დაიბრუნეს უკან.
"სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ძალიან მომრავლდა. ბევრი ადამიანი სახლს ბანკში დებს, აგირავებს, პროცენტინ ვალს იღებს და საზღვარგარეთ გამგზავრების ნაცვლად, უარეს პრობლემებში ეხვევა. ყველას ვაფრთხილებ, არ ენდონ თაღლითების დაპირებებს, რადგან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა (განსაკუთრებით კანადასა და ამერიკაში) ძალიან გართულდა. ამერიკის საკონსულოდან მიღებული სტატისტიკით, ბოლო 2 თვეში საელჩომ 400 ადამიანიდან მხოლოდ 6 ადამიანს ჩაურტყა ვიზა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკში სამუშაოდ წასვლის შანსი თითქმის ნულია.
ამის მიუხედავად, ქვეყანაში კიდევ მეტი ახალი ჯგუფი ჩდება. მაგალითად, ახლა გავიგე ჯგუფის გამოჩენის შესახებ, რომელიც შედარებით იაფად - 9 000 დოლარად პირდება მსურველებს კანადაში გადაყვანას. ყველაზე ცუდია, რომ ეს ჯგუფები წინასწარ ითხოვენ თანხას და არა ვიზის ჩარტყმის შემდეგ. მოქალაქეებს ვთხოვ გამოიჩინონ სიფრთხილე და ამ ტიპის საეჭვო გარიგებების შემთხვევში ფულს წინასწარ ნუ გადაიხდიან. თუმცა, ხშირად ვიზაც არ არის გარანტია, რომ საზღვარგარეთ გასვლას შეძლებთ", - განუცხადა "ალიას" ბურჯნაძემ.