ტატა შოშიაშვილი
04.08.2018

 რუსეთში გამართული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობის დროს აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში „უვიზო რეჟიმის“ შემოღებამაც ვერ გაჭრა - ტურისტების ნაკადი არ მომატებულა. „სავიზო რეჟიმის“ დროებით, 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე,  გაუქმების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკას, რუსეთის მხრიდან, მხოლოდ 2000 უცხოელი ესტუმრა.

ქართველი პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში არ არის შექმნილი ისეთი დასასვენებელი პირობები, რომ ტურისტები მიიზიდოს და უზრუნველყოს მათი სრულფასოვანი დასვენება.

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის ინფორმაციით, წელს დაახლოებით 1650 უცხოელი ჩავიდა აფხაზეთში, ხოლო 400-მდე სტუმარმა საზღვარი გადაკვეთა სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთში გაცემული ე.წ. გულშემატკივერის პასპორტით.

„რეზონანსთან“ საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი, ამჟამად, არ ითვლება საუკეთესო კურორტად დამსვენებელთათვის, რადგან არც პირობები არსებობს შესაფერისი და მატერიალურ სირთულეებთანაცაა დაკავშირებული სეპარატისტულ „რესპუბლიკაში“ დასვენება.

მისივე თქმით, ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ატარებენ ტურისტები აფხაზეთში შვებულებას არის სეპარატისტულ რესპუბლიკაში არსებული კრიმინალის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი:

„იქ კრიმინალია საკმაოდ მაღალი. არ არის შექმნილი პირობები დამსვენებელთათვის. ადამიანების დიდ ნაწილს იმ ფულით, რომელიც უნდა დახარჯონ აფხაზეთში არაკომფორტულ პირობებში,  შეუძლიათ დრო გაატარონ  თურქეთში უფრო კომფორტულ ვითარებაში. უამრავი მიზეზია, რის გამოც ხალხი თავს არიდებს აფხაზეთში ჩასვლასა და დასვენებას“, - თქვა პოლიტექსპერტმა.

ზაქარეიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების ძირითადი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა დამსვენებელთათვის შექმნილი პირობებით:

“როგორც წესი, წინა წლის შედეგი ყოველთვის მოქმედებს შემდეგი წლის მაჩვენებელზე. თუ ყველაფერი  კარგად იქნება, ტურისტები არ დაზარალდებიან და არ გამოხატავენ საკუთარ უკმაყოფილებას კურორტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაშინ, შესაძლოა, რომ მომავალ წელს გაიზარდოს დამსვენებელთა ნაკადი.”

“თუმცა, აშკარაა, რომ წლევადნელი შედეგები განსაზღვრა შარშანდელმა უკმაყოფილებამ. აღსანიშნავია, რომ დაიბეჭდა უამრავი უკმაყოფილო წერილი, ასევე ძალიან ბევრი იყო კრიმინალური ისტორიები. ჩემი აზრით, სწორედ ამან მოახდინა გავლენა იმაზე, რომ წელს აფხაზეთის ტურისტულმა სეზონმა არ გაამართლა.”-დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×