თამარ შუკვანი
04.08.2018

 არაოფიციალური ცნობით, პარლამენტის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან თავად პარტიის თავჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა კონსულტაციები საპრეზიდენტო კანიდიდატის შესახებ. სალომე ზურაბიშვილი თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს, 6 აგვისტოს გააკეთებს.

რამდენად გამართლებული იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშილის კანდიდატურის მხარდაჭერა და გამარჯვების შემთხვევაში როგორი პრეზიდენტი იქნება ზურაბიშვილი - ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი“ ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს გაესაუბრა.

მისი თქმით, ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ ყოველთვის ნათელი იყო და ის ვერ იქნება „საუკეთესო ვარიანტი.“

„არ მგონია, რომ „ოცნებისათვის“ ეს ყველაზე კარგი კანდიდატურა იყოს მხარდასაჭერად. თუკი საუბარი არის დამოუკიდებელი კანდიდატურის მხარდაჭერაზე, სალომე ზურაბიშვილი ძნელად ტოვებს დამოუკიდებელი კანდიდატის შთაბეჭდილებას.

„ის ყოველთვის აშკარად გამოხატავდა სიმპათიას „ქართული ოცნების“ მიმართ და მაშინ, როდესაც სიტუაცია გამწვავდა მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის, იგი დაუპირისპირდა მარგველაშვილს და ივანიშვილის მხარე დაიჭირა. სალომე ზურაბიშვილი არ იქნება საუკეთესო ვარიანტი,“ - აღნიშნა მან.

ფირალიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი ისეთივე პრეზიდენტი იქნება, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მისი შეფასებით, იგი ძალიან რთული მინისტრი გახლდათ.

„ისეთივე პრეზიდენტი იქნება, როგორიც მინისტრი იყო. მისი მინისტრობის პერიოდზე საკმაოდ ბევრი არაერთგვაროვანი ხმა დადის, ეს კი ყველამ ვიცით. არ მგონია მას მერე რაიმე შეცვლილიყო მის ხასიათში. ხშირად ამბობენ, რომ ის რთული მინისტრი იყო,“ - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×