(რეზონანსი) ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ აქციას აანონსებს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
როგორც ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ.
„ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას, და ასე შემდეგ.
ასევე „დაბოლილი" ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას, რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას! ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ, როცა, კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს, რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა.
მაღალ ყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით ორშაბათს 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ (მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა) გაიმართება მშვიდობიანი აქცია გადავიხდით საჯანმრთელო პარაკლის ჩვენი შვილების კეათილდღეობისათვის და მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ პრობლემის გამოსასწორებლად!"-ნათქვამია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს საპატრიარქო. საპატრიარქოში ფიქრობენ, რომ კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, კოკაინის ლეგალიზება მოხდება.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია "გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
მანამდე, მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.