დღეს კახეთში, კერძოდ გურჯაანის რაონში მუსა ხანგოშვილი დააკავეს. იგი რუსულ სპეცსამსახურებთანაა კავშირში და მას ჩეჩნეთის მმართველთან რამზან კადიროვთანაც აქვს პირადი ურთიერთობა. ხანგოშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, ხანგოშვილის წინააღმდეგ სხვა მუხლებით გამოძიება არ მიმდინარეობს.
ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს, ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, მან იარაღის მუქარით ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შემდეგ, მას ადმინისტრაციული წესით 2000-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს და გაათავისუფლეს. ორი დღის წინ, მაღალი ალბათობით თრობის ქვეშ მყოფმა ხანგოშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა, რომ მან მხოლოდ "მის ძმებს აგინა". გვიან ღამით კი პოლიციამ ის დააკავა.
"მე მივედი ჩემს ძმაკაცთან, თემო არაბულთან. ეგ ჩემს ნათესავთან მომივიდა. იარაღი ვისა აქვს, გიჟი ხომ არ ხარ... ადმინისტრაციულით გამომიშვეს, რომ ვაგინე ჩემს ძმებს, ადმინისტრაციული 2000 ლარიო და მეტი არაა პრობლემაო,"- ამბობდა ხანგოშვილი.