ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 6%-მა, მათემატიკაში კი, დაახლოებით 20%-მა ზღვარი ვერ გადალახა პირველადი მონაცემებით,. გეოგრაფიის გამოცდაში, სადაც ორი ვარიანტი დაიწერა, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში ზღავრის გადალახვა ვერ მოახერხა აბიტურიენტთა 16%-მა.
„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერა დაახლებით 35 000-მა აბიტურიენტმა, გეოგრაფია დაწერა 12 000-მდე აბიტურიენტმა, ხოლო 20 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა მათემატიკის გამოცდა. ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ეს არის პირველადი შედეგი, შესაბამისად, რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ან ვერ გადალახა ზღვარი, ეს მონაცემები შეიცვლება აპელაციის შემდეგ. თუმცა, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქართულში დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. რაც შეეხება მათემატიკას, შარშანდელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო გაუადვილდათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, აქ 80%-მდე აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი. რაც შეეხება გეოგრაფიას, აქ, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 10 %-მა, ხოლო მეორე ვარიანტში - 16%-მა“, - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ.