შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციით, დღეს კახეთში, კერძოდ გურჯაანის რაონში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მუსა ხანგოშვილი დააკავეს. გამოძიება სსკ-ის მუხლი 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დაკავებულ მუსა ხანგოშვილს პირადად კარგად იცნობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხანგოშვილმა საქართველოში სასჯელი მოიხადა და ჩეჩნეთში დაბრუნდა, არ უნახავს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ დაკავებული მუსა ხანგოშვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.
მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რთული იქნება იმ მიზეზის დასახელება, თუ რატომ ჩამოვიდა ხანგოშვილი საქართველოში. საუბრისას არეშიძემ გაიხსენა, რომ მუსა ხანგოშვილი საუკუნის მიჯნაზე პანკისში განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს და აქ იხდიდა სასჯელს:
„მე მას პირადად კარგად ვიცნობ, მაგრამ დაახლოებით 10 წელია არ მინახავს. მას შემდეგ, რაც ის საქართველოში ციხეში იჯდა, ხანგოშვილი ჩეჩნეთში დაბრუნდა. 2001 ან 2002 წელს ეს ადამიანი დააკავეს. საუკუნის მიჯნაზე პანკისის ხეობაში მიმდინარე ცნობილი ამბების დროს, იგულისხმება დრო, როდესაც ხეობაში რუსლან გელაევის იყო, ნარკოტიკების პერიოდი და ა.შ. იყო, ითვლებოდა, რომ ხანგოშვილი იყო ერთერთი პირი, რომელსაც ბრალი ედებოდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ურთიერთობაში.
„გარდა ამის, ითვლებოდა, რომ იმ დროს ხანგოშვილი პანკისის ხეობაში ცნობილი პიროვნების შოთა ჭიჭიაშვილის გუნდის წევრი იყო. ჩეჩნეთში დაბრუნების შემდეგ რას აკეთებდა, ვერ გეტყვით.
„დიდი ხნის განმავლობაში მუსა ცხოვრობდა ჩეჩნეთში და დანამდვილებით ვიცი, კადიროვის გარემოცვასთან ახლობლობდა. იყო თუ არა ის პირადად რამზან კადიროვთან დაახლოებული, ნამდვილად არ ვიცი“, - აღნიშნა არეშიძემ.
მისივე თქმით, რთული იქნება იმის თქმა, თუ რატომ ჩამოვიდა ხანგოშვილი თბილისში, მაგრამ არეშიძე თვლის, რომ დაკავებული შორს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისგან:
„როდესაც ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში არ გყავს ნანახი, როგორ იცვლება მისი ბუნება, როგორ ხდება მისი მეტამორფოზა, რთული სათქმელია. ამ შემთხვევაში მისი ჩამოსვლის მიზანი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ განათლებით არ გამოირჩეოდა, მუსა არ იყო უბრალო ადამიანი, მან სიტყვის შენახვა ნამდვილად იცოდა და, თუ არ ჩავთვლით კრიმინალს, რელიგიური ექსრიმიზმისა და სხვა ტიპის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან შორს იყო“, - ამბობს არეშიძე.